გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებული რომანის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, ყველაზე კარგი შემფასებელი მკითხველი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე შეიყვარა წიგნი. თუმცა, მკითხველის გარდა, ნაწარმოები კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმაც შეაფასა და აღიარა. ია სიამოვნებით მოგვითხრობს ნაწარმოების შექმნის პროცესსა და მის პერსონაჟთა ვნებებზე.
- ია, როგორ დაიწყეთ წერა, საინტერესოა ის შთაბეჭდილებები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- წერა დაახლოებით 12 წლისამ დავიწყე, მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ძალიან მსურდა ჩემი თვალით დანახული სამყარო და ადამიანები აღმეწერა. ვწერდი ჩანახატებს, ნოველებს, მოთხრობებს. რომანი პირველად 24 წლისამ დავწერე. ცხოვრების განმავლობაში, ადამიანს უამრავი ემოცია და აზრი უგროვდება, რომლის გაზიარებასაც იშვიათად თუ ახერხებს ვინმესთვის. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ცხოვრების სკოლამ ასაკი და სქესი არ იცის. ვწერ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ვერც ერთ ადამიანს ვერ გადავცემ ჩემში დაგროვილ ემოციებსა და განცდებს. ამ დროს კალამი და ფურცლები ის ძვირფასი მეგობრები ხდებიან, რომელთაც ჩემი უსიტყვოდ ესმით. „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ რომ დავწერე, ზუსტად ასეთი პერიოდი იყო. რეალობისა და წარმოსახვის ტალღებს შორის მყოფმა გადავწყვიტე, ჩემი ხედვა და ფიქრები პერსონაჟებად მექცია, მათთვის სული შთამებერა და გამეცოცხლებინა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ალეგორიულად გადმოვეცი და ასე შეიქმნა „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, რომანი, რომელმაც გაიმარჯვა "პალიტრა L"-ის მიერ პირველად განხორციელებულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“.
„სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ მთავარ ქალ პერსონაჟს თამთა ჰქვია. ის ახალგაზრდა ქართველი მწერალია. თამთა ის ქალია, რომელმაც დიდი დარტყმა იგემა ცხოვრებისგან, საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ ამ დარტყმას მასში სიცოცხლის წყურვილი არ ჩაუკლავს. ის ებრძვის საკუთარ თავს და ცდილობს, ცხოვრების სადავეები დაიმორჩილოს, რის გამოც საბედისწერო ნაბიჯს თავისუფლად და ლაღად გადადგამს. მამაკაცი პერსონაჟი იუსუფ რაშიდია, „აბუ უზრას“ ტომის ბელადი. იუსუფი და თამთა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია. რაშიდი ქვიშის სამყაროს შვილია. მისთვის ცნობილია უდაბნოს ყველა საიდუმლო, რაც ეხმარება მას სამყაროსა და ადამიანის ბუნების უკეთ შეცნობაში. მონეტას ორი მხარე აქვს და ადამიანსაც ორი ბუნება აქვს. ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთ ადამიანში არსებულ ორ ბუნებას განასახიერებენ.
მოვლენები შემდგომ ეტაპზე? - დიახ, მეორე ნაწილის წერა უკვე დიდი ხანია, რაც დავიწყე. როგორც კი დავასრულებ მუშაობას, აუცილებლად გავგზავნი რედაქციაში. მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ამას არავინ ელის. სხვას ვერაფერს ვიტყვი წინასწარ.
მანამდე კი, თვითიზოლაციის პერიოდში, შეგიძლიათ გაეცნოთ რომანის ელვერსიას, რომლის შეძენაც შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
https://www.lit.ge/book/233323-sxva-udabnos-saidumlo-ia-kargareteli/
ასევე, აუდიოწიგნების პლატფორმაზე gudabooks.ge უკვე ხელმისაწვდომია წიგნის აუდიოვერსიაც: https://www.gudabooks.ge/book/247160-sxva-udabnos-saidumlo-ia-kargareteli/