მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გაერთიანებული ძალებით მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში რეალური სურათის დემონსტრირებისთვის, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც არიან ჩართულნი. რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტი ალექსეი პივოვაროვიც გამონაკლისი არ აღმოჩნდა და გადაიღო ფილმი, რომელმაც გასცა პასუხი კითხვაზე: რა ხდება ამჟამად რუსეთის საავადმყოფოებში.
პროგრამის შემქმნელების თქმით, მათ უნდათ, გაერკვნენ, რაში მდგომარეობს ექიმების პასუხისმგებლობა. „ჩვენ ასეთი პასუხი მივიღეთ: ექიმების წინსვლა ამ ბრძოლასთან მიმართებაში იმ კუთხით დასაფასებელია, რომ მათ გადალახეს ის შიში, რომელიც დაინფიცირების რისკებთან არის დაკავშირებული, საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა იმის სათქმელად: „დიახ, მე პასუხისმგებელი ვარ“. მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც მათზე არ არის დამოკიდებული; სულელურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ჯანდაცვა და საავადმყოფოები იღებს და თვეების განმავლობაში ვერ ჭრის პრობლემას. ჩვენ შევქმენით გადაცემა მათზე, თუ როგორ პირობებში იბრძვიან ამ ვირუსის წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ექიმი მზად არის, ღიად ისაუბროს პრობლემებზე, ეს კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხალხს უნდა ახსოვდეს თეთრხალათიანი გმირები“ - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
ექიმებმა, რომლებიც ებრძვიან უხილავ ვირუსს, ჟურნალისტებს გაუზიარეს ისტორიები პრაქტიკიდან, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. „ეს უკვე მედიცინა კი არა, არამედ საომარი-საველე მდგომარეობაა, - აღწერა სიტუაცია მოსკოვში ქირურგმა ალექსანდრ ვანიუკოვმა, - საავადმყოფოებთან უზარმაზარი რიგი დგას, თუმცა პაციენტმა არ იცის, რომ ვეღარ მივიღებთ მათ კონკრეტულ სტაციონარში, ადგილები აღარ არის არსად, არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით არსებულ კლინიკებშიც.“
„კარანტინის პერიოდში ექიმების ნაწილი სწორედ საავადმყოფოში გადმოდის საცხოვრებლად და ეს დრო რამდენიმე კვირას მოიცავს“ - ამბობს ონკოლოგი ილია ფომინცევი.
კარდიოლოგი ბლოგოვეშენსკის სასწრაფო დახმარების ბრიგადიდან ოლეგ შულგა ინტერვიუს დროს აღიარებს: „მედპერსონალს არ აქვს უფლება, ხელმძღვანელის ბრძანების საწინააღმდეგოდ რაიმე თქვას ან მოიმოქმედოს. დაეტიე შენს ადგილას და ხმა არ ამოიღო, ეს არის მათი პოლიტიკა“.
ანესთეზიოლოგი ტატიანა რევა, რომელიც ვოლგოგრადის ოლქში მუშაობს, აღნიშნავს: „ჩვენ ყველანი შესაბამისად აღჭურვილები უნდა ვიყოთ თავდაცვის საშუალებებით, ვინაიდან ჩვენთან ბევრი ინფიცირებული შემოჰყავთ, მაგრამ ჩვენ ამისთვის არ ვართ მზად, არ გვაქვს შესაბამისი ეკიპირება და უსაფრთხოდ არ ვართ“.