"დოცენტის საქმე" - ასე მოიხსენიებენ საინფორმაციო საშუალებები მკვლელობას, რომელმაც გასული წლის მიწურულს შოკში ჩააგდო რუსული საზოგადოება.
ცნობილი ისტორიკოსი, დოცენტი ოლეგ სოკოლოვი, რომელმაც სახელი ნაპოლეონის დროინდელი ბრძოლების რეკონსტრუქციით გაითქვა, დიდი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოკლული მისი მოწაფე, ასპირანტურის სტუდენტი, 24 წლის ანასტასია ეშენკოა. სოკოლოვს მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება.
მკვლელობა 2019 წლის 7 ნოემბერს მოხდა.
მკვლელობის საქმე
ოლეგ სოკოლოვი სამართალდამცველებმა სანკტ-პეტერბურგში, მდინარე მოიკაზე ზურგჩანთით დააკავეს, რომელშიც ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. სოკოლოვის სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ კი იქ, იარაღთან ერთად, ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებიც აღმოაჩინეს. პეტერბურგული საზოგადოება მომხდარმა შეძრა...
კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ სხეულის ნაწილები ასპირანტურის სტუდენტ გოგონას, 24 წლის ანასტასია ეშენკოს ეკუთვნოდა.
გამოძიების ცნობით, სოკოლოვმა უკანონოდ შენახული, გადაჭრილი სანადირო თოფით, ახლო მანძილიდან 4-ჯერ ესროლა გოგონას, მკვლელობიდან 2 დღე-ღამის განმავლობაში კი მის სხეულს ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა.
დაკავებისას ისტორიკოსი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა.
მოგვიანებით აღიარა ისიც, რომ ანასტასიასა და სოკოლოვს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ისტორიკოსის თქმით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - ორმხრივი ეჭვიანობის გამო მოხდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ გოგონამ იძულებული გახადა, მკვლელობა ჩაედინა.
"ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი აგრესია, დანით თავდასხმა კი ენითაუწერელი შემთხვევა იყო. ჩემს ცხოვრებაში აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. გოგონა, რომელიც იდეალური ქმნილება მეგონა, დროთა განმავლობაში ზღაპრის ურჩხულ გმირად იქცა", - განაცხადა სოკოლოვმა. გაგრძელება