სიახლე

ზაფხულში საკითხავი ტოპ-10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის

ზაფხულში საკითხავი ტოპ-10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის
ახალი წიგნი ახალი თავგადასავალია, ზაფხულის ცხელ დღეებს კი კითხვა და თავგადასავლები ყველაზე მეტად უხდება. ზღვის სანაპიროზე, სოფელში დასვენებისას, მგზავრობისას თუ დამღლელი დღის ბოლოს, ჭიქა ცივ ყავასთან ერთად მხატვრული ლიტერატურა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ზაფხულში თავისუფალი დრო მეტი გვაქვს. ახალი, საინტერესო გამოცემების სია კი ძალიან გრძელია. ქვემოთ მოცემული წიგნები არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.

გთავაზობთ ზაფხულში საკითხავ ტოპ-10 წიგნს მხატვრული ლიტერატურიდან:


უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი"

პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის, უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები
ერწყმის ერთმანეთს.
წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორმა ალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. სტრიპი ნამუშევარს განუმეორებელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს რეჟისორ ალან პაკულას თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.

როგორია ქალი - საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე - რომელიც აიძულეს, ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?

კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"

წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.
რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. ფლეშბეკების დახმარებით.

ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა - საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?


ჯერომ სელინჯერი - "ფრენი და ზუი"

ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატი, უმეტესად ბავშვი და მოზარდი გმირებით, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს და შესაბამისად, ჩნდება ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი – ეს მე–20 საუკუნის ერთ–ერთი გამორჩეული ავტორი ჯერომ სელინჯერი და მისი შემოქმედებაა.
ქართველი მკითხველი მას ძირითადად რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ იცნობს, თუმცა ქართულ ენაზე გამოცემულია მისი მოთხრობებიც - „9 მოთხრობა“ და "ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“; "ფრენი და ზუი".
”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).

ნოელ სტრიტფილდი - "საბალეტო ფეხსაცმელები"

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!
პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.
გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.
წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?


ოდრი ნიფენეგერი - "დროში მოგზაურის ცოლი"

ამერიკელი მწერლის, ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანი 2003 წელს გამოვიდა. ავტორმა ძლიერი სასიყვარული იმედგაცრუება განიცადა, როდესაც წიგნზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ეს იყო ჰენრისა და კლერის ისტორიის მამოტივირებელი. რომანი, რომელიც სამეცნიერო ფიქციისა და რომანტიზმის საინტერესო ნაზავია, დაგაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სიყვარული, დაკარგვა, თავისუფალი ნება.
გამოცემიდან მოკლე პერიოდში წიგნის 2,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და არაერთი ჯილდოც, მათ შორის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მიიღო.
2009 წელს გამოვიდა წიგნის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, იმავე სახელწოდებით. ოდრი ნიფენეგერის ამ საინტერესო ბესტსელერის ეკრანიზაციის უფლება ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის კინოკომპანიამ, Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყიდა, როცა რომანი მწერალს არც ჰქონდა დასრულებული. რეჟისორ რობერტ შვენტკეს ფილმი კი ეკრანებზე 6 წლის შემდეგ გამოჩნდა. მასზე შემქმნელები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 2010 წელს ფილმი რამდენიმე ჯილდოს მფლობელიც გახდა. კინოეკრანიზაციაში მთავარ როლებს ერიკ ბანა და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე"

ინგლისელი კლასიკოსი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე, ნიკოლზე ქორწინება კი მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი იკურნება.
რომანის მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს; როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას. ახალი, თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს – ადამიანურ ღირებულებებს – ივიწყებენ.


აკა მორჩილაძე - "ტავერნა "ათი სექტემბერი"; "ქალაქის მელიები"

შეუძლებელია, თანამედროვე ქართული ლიტერატურა გიყვარდეს და არ იცნობდე აკა მორჩილაძის შემოქმედებას, რომელიც ყველა თაობის მკითხველის რჩეულია.
გამომცემლობა „პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, „ტავერნა „ათი სექტემბერი“ და „ქალაქის მელიები“ „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოეცა. ეს ორი მოთხრობა ოციოდე წლის წინ დაიწერა და პირველად 2012 წელს გამოიცა. სულ ახლახან კი წიგნი მეორედ გამოვიდა და უკვე იყიდება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში. მისი ყდის დიზაინი სერიის მთავარ დამახასიათებელ ხაზს მიჰყვება და ქართული ისტორიული ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა გაფორმებული.
„აკა ხომ მოყოლის კაცია, მოყოლის მწერალი, სულ ჰყვება. მაგასთან ლანდებიც კი ისეთები არიან, რომ ხელი შეევლებათ; ისეთები არიან, წყალი შეასხა, ნამს მოიკიდებენ“, - ზაალ ჩხეიძე, ლიტერატორი.


ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "მე არ ვარ ნეონი"

"მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია.
თუ გაინტერესებს, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ქვეყნად არავის უყვარდე, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხო. წიგნში არის ნამდვილი ამბები, რომლებსაც იშვიათად ჰყვებიან; არის გამოგონილი ამბები, რომლებსაც ჰყავთ მთხრობელი; და კიდევ არის ნამდვილი ამბები, რომლებიც გამოგონილს ჰგავს.
„ამბავი ნამდვილია და ჩემთვის, ავტორისთვისაც, იმდენად სულისშემძვრელი იყო მისი მოსმენა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, წიგნად მექცია და მიმეტანა ადამიანებისთვის, ვისშიც რაღაც დოზით მაინც არსებობს ნეონი“, – გვიყვება ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.
„სამყაროსავით ძველ და მარადიულ თემას, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს ეძღვნება ახალგაზრდა, საინტერესო ავტორის - ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ეს რომანი", - ლია თოფურია, რედაქტორი.



თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“


„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული.
„მოპარული სიყვარული“ - ესაა რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ზოგადად, ურთიერთობებზე.
ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

ელის დოჯსონი - "ამ მთისა და იმ ბარისა"



"ამ მთისა და იმ ბარისა" ლიტკონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებულის მესამე რომანია.
„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს. ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.
„ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, - ამირან არაბული.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93