სიახლე

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ
ზაფხულში წიგნის კითხვისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში მოგზაურობისთვის ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს.

გთავაზობთ ტოპ-10 წიგნს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მკითხველისათვის, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ:


ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "მე არ ვარ ნეონი"


"მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის,  "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია.
თუ გაინტერესებს, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ქვეყნად არავის უყვარდე, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხო. წიგნში არის ნამდვილი ამბები, რომლებსაც იშვიათად ჰყვებიან; არის გამოგონილი ამბები, რომლებსაც ჰყავთ მთხრობელი;
და კიდევ არის ნამდვილი ამბები, რომლებიც გამოგონილს ჰგავს.
„ამბავი ნამდვილია და ჩემთვის, ავტორისთვისაც, იმდენად სულის შემძვრელი იყო მისი მოსმენა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, წიგნად მექცია და მიმეტანა ადამიანებისთვის, ვისშიც რაღაც დოზით მაინც არსებობს ნეონი“, – გვიყვება ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.
„სამყაროსავით ძველ და მარადიულ თემას, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს ეძღვნება ახალგაზრდა, საინტერესო ავტორის - ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ეს რომანი", - ლია თოფურია, რედაქტორი.

მარკ მენსონი - "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება"

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.
გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და "ბიბლუსის" ტოპ-10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.
მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.
წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“, ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.
მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.


ნოელ სტრიტფილდი - "საბალეტო ფეხსაცმელები"

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!
პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.
გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.
წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?


კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"

წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.
რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. ფლეშბეკების დახმარებით.
ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა - საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?

უილიამ სტაირონი - "სოფის არჩევანი"

პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის, უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს.
წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორმა ალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. სტრიპი ნამუშევარს განუმეორებელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს რეჟისორ ალან პაკულას თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.
როგორია ქალი - საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე - რომელიც აიძულეს, ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?..


ნოდარ დუმბაძე - ლექსები

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები გამოქვეყნებისთანავე შეიყვარეს პატარებმა. ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხდა.

მას შემდეგ მრავალი კრებული დაიბეჭდა, თაობები აღიზარდა სიყვარულით სავსე სტრიქონებზე.
ეს ახალი კრებული ყველასათვის საყვარელი მწერლის მზით გამთბარ ლექსებს აერთიანებს. მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…


ვასო გულეური - "ნეტავ, მალე გავიზრდები?!"

"ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.

ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არამარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.

"ვინი პუჰის თავგადასავლები"

ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს მოთხრობილ ამბებს.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - "ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ"

ტექსტი, რომელსაც ეს წიგნი მოიცავს, 2012 წლის დეკემბერში, TEDxEuston-ზე, აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა.
"TED-ის ფორმატით მოწყობილ კონფერენციებზე გამოსვლის გამოცდილება რამდენიმე წლით ადრე მივიღე, როცა ჩემს სიტყვაში „ერთი ამბის საფრთხე“ ვილაპარაკე, თუ როგორ შეიძლება სტერეოტიპებმა შემოსაზღვრონ და განსაზღვრონ ჩვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით, აფრიკის შესახებ. მეჩვენება, რომ სიტყვა „ფემინისტი“ და ფემინიზმის იდეაც კი სწორედ ასეთი სტერეოტიპებითაა შეზღუდული. როცა ჩემმა ძმამ ჩაკსმა და საუკეთესო მეგობარმა იკემ, რომლებიც TEDxEuston-ს უწევდნენ ორგანიზებას, კონფერენციაზე გამოსვლა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტე, ფემინიზმზე მელაპარაკა, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვვარაუდობდი, რომ პოპულარული თემა არ ამირჩევია, მაგრამ იმედი მქონდა, საჭირბოროტო დისკუსიას მაინც წამოვიწყებდი. ასე დავდექი სცენაზე იმ საღამოს. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში – კეთილი და ყურადღებიანი აუდიტორია მყავდა, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ამ აუდიტორიას შეეძლო ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბოლოს კი, როცა ფეხზე წამომდგარი ხალხი დავინახე და ოვაციები ჩამესმა, გულში იმედი ჩამესახა", - ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი.

ფიოდორ დოსტოევსკი - "იდიოტი"

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები 170-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 15 მილიონამდე აღწევს. მისი რომანი „იდიოტი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მის მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის.
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ამ კლასიკოსი მწერლის გამორჩეული რომანი, რომელშიც ადამიანის ტანჯვის ასახვა ჭეშმარიტი ჰუმანიზმითაა გამსჭვალული, მაშინ ეს ზაფხული აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93