ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბის, არჩილ გაგნიძის განცხადებით, ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვა, ვინაიდან თავად ნასვამები იყვნენ.
ამის შესახებ გაგნიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. არჩილ გაგნიძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა, ჩვენებაში დეტალურად იხსენებს შემთხვევის დღეს. მათ შორის, საუბრობს ხიდის ეპიზოდთან დაკავშირებით. სპორტსმენის ჩვენების მიხედვით, ხიდთან მათ 4 ახალგაზრდა (გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი) შეხვდა, რომელებიც „ტოიოტა ქამრის“ გამოჩენისთანავე გაიქცნენ. როგორც ის ჰყვება, გაქცეულებს ფეხით, სწრაფი სიარულით გაჰყვა, თუმცა ვერც ერთი მათგანის კვალს ვერ მიაგნო.
გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისისკენ მიემართებოდნენ და აღნიშნული ავტომანქანის გაჩერებისთანავე, გზად მიმავალი 4 პირი უკან, დასავლეთის მიმართულებით გაიქცა, რატომ გადავიდა ის მანქანიდან და რატომ ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ, არჩილ გაგნიძის პასუხით, მან ჩათვალა, რომ „ისინი იყვნენ მათ მანქანაში მსხდომი ახალგაზრდების ის ახლობლები, რომლებიც თბილისში უნდა წაეყვანათ და სწორედ ამიტომ გაჰყვა უკან და ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ“.
"2020 წლის 19 ივნისს, საღამოს პერიოდში, დაახლოებით, 22:00 საათისთვის, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან ეზოში. იქ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი და უბნელი ვასო მახარაძე. ასევე, შორიახლოს იმყოფებოდნენ ჩვენი უბნელი სხვა პიროვნებებიც, რომელთა სახელები და გვარები აღარ მახსოვს.
ვსვამდი ლუდს. ამ დროს ჩემთან მოვიდნენ ჩვენი ზედა უბნის ახალგაზრდები. დაახლოებით, 10 ახალგაზრდა, რომელთაგან ორი ჩემი უბნელია. მათი სახელები და გვარები ჩემთვის უცნობია.
აღნიშნული პიროვნებები არიან, დაახლოებით, 18-19 წლისანი. აღნიშნულმა ახალგაზრდებმა იქ მყოფ პიროვნებებს ემოციურად დაგვიწყეს მოყოლა, რომ ისინი იმავე დღეს საქეიფოდ იმყოფებოდნენ მცხეთაში, ერთ-ერთ სახლში, რომელიც განთავსებულია საავტომობილო ტრასის პირას, „ლიდერფუდის“ შენობის უკან. იქ შეკრებილები იყვნენ კლასელები და ქეიფობდნენ. კლასელების გარდა, იქ სხვა პიროვნებები იმყოფებოდნენ თუ არა, მე იქ მათგან არ გამიგია.
მათი განმარტებით, სუფრასთან ქეიფის დროს, მათ ჩემთვის უცნობ პიროვნებებთან მოუხდათ ჩხუბი და ისინი წამოვიდნენ ქალაქ თბილისში. წამოსვლისას ერთ-ერთ მათ თანაკლასელს ქეიფის ადგილას დარჩა საკუთარი ავტომანქანა, რომელიც ვერ წამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარებაში იყო. გაგრძელება