ივნისსა და ივლისში მთელ მსოფლიოში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა უცნაური ტრადიცია არსებობს იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა იღბალი მოიზიდონ.
საქართველოში უცნაური ტრადიციები არ გვაქვს, თუმცა აბიტურიენტებს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევთ გამოცდებისთვის მზადება. სტრესულ გარემოს ხშირად ემატება ახლობლებისგან არასწორი დამოკიდებულება და მოპყრობაც.
სწორედ ამიტომაც, ტექნიკის კომპანია „ზუმერი“, პირველად რეკლამის ისტორიაში, თავის პოზიტიურ ენერგიას აბიტურიენტების გასამხნევებლად და წასახალისებლად იყენებს.
„წაახალისე, რას ელოდები?“ „ზუმერის“ სახალისო ვიდეორგოლია. რგოლში გაერთიანდა ყველა ის ნაცნობი სიტუაცია და პრობლემა, რომელთა გამკლავებაც ხშირად უწევთ ხოლმე აბიტურიენტებს. „ზუმერის“ თქმით, წუწუნ-წუწუნსა და ჩიჩინ-ჩიჩინს სჯობს, რომ ახალგაზრდებს ისედაც რთული პერიოდი შევუმსუბუქოთ და როგორც შეგვიძლია, ისე გავუხალისოთ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტში გამოცდებზე ხშირად გაიგონებთ ღრიალს. დიახ, სტუდენტებს აქ ნებას რთავენ, გამოცდის დროს იღრიალონ. სტენფორდში ფიქრობენ, რომ ასე ახალგაზრდებს სტრესი ეხსნებათ.
არანაკლებ უცნაური ტრადიცია აქვთ ბრაუნის უნივერსიტეტში. გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე რამდენიმე სტუდენტი სრულიად შიშველი დარბის ბიბლიოთეკის დარბაზებში სხვების დასანახად. ბრაუნის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს გზა საუკეთესოა სტრესის მოსახსნელად და სამეცადინოსგან ცოტა ხნით თავის დასაღწევად.
იაპონელ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სჯერათ, რომ შოკოლადი „კიტკეტი“ მათ იღბალს მოუტანს. იაპონურად „კიტკეტი“ გამოითქმის, როგორც „კიტო კატო“ და ის ჰგავს გამოთქმას „კიტო კაცუ“, რაც ნიშნავს „გამარჯვებულს“.
უცნაურია, მაგრამ სამხრეთ კორეაში გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე თმას არ იბანენ. მიზეზი მარტივია: ცრურწმენის თანახმად, შეიძლება ადამიანს მთელი ცოდნა „ჩამოერეცხოს“ თავიდან.
აღმოსავლეთ აზიაში, მაგალითად, გამოცდების წინ ლოცულობენ. უამრავი ოჯახი სტუმრობს ბუდისტურ ტაძრებს გამოცდებამდე 100 დღით ადრე და ღმერთს შვილის წარმატებულ სტუდენტობას შესთხოვს.
ჩინეთში წითელი ფერის ტარება იღბლის მომტანად ითვლება. ამიტომაც გამოცდების დროს აბიტურიენტებსა და სტუდენტებში ძალიან პოპულარულია წითელი ფერის საცვლების ჩაცმა.