სიახლე

ქართული ინტერაქციული წიგნი „ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

ქართული ინტერაქციული წიგნი „ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება
წიგნის მაღაზიის დახლებზე განსაკუთრებული სიახლეა. „ფენიქსი“ – ქართული ინტერაქციული წიგნი, რომელიც ოთხმა ავტორმა შექმნა და საერთო ჯამში 15 წიგნს აერთიანებს, უკვე იყიდება. ამბის დასაწყისი „ასტროიდი“ და მისი ორი ალტერნატიული გაგრძელება -„ჩაფერფლვა“ და „გადატვირთვა“ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო მათი გაგრძელებები ეტაპობრივად, 10 დღეში ერთხელ გამოვა. კრეატორ კოტე იანტბელიძის საინტერესო იდეა და 4 ქართველი ავტორის კოლაბორაცია მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ავტორებისთვის დიდი გამოწვევა იყო პერსონაჟების ამბების სათავისოდ ქცევა და გაგრძელება, თუმცა გამოწვევა წარმატებით დაძლეულია და წიგნი უკვე ელოდება
მკითხველს.


რა არის „ფენიქსი“?

რამდენჯერ წაგიკითხავთ წიგნი, რომლის ფინალიც არ მოგწონთ და ამბის სულ სხვაგვარ გაგრძელებას ისურვებდით? რამდენჯერ გინატრიათ, რომ წიგნის გაგრძელების შექმნა თავად შეგძლებოდათ? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ, ალბათ, ისიც გიფიქრიათ, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა შეუძლებელი არაფერია. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბები და მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერ გინანიათ? რამდენჯერ გიფიქრიათ, ეს რომ სხვაგვარად გაგეკეთებინათ, რა მოხდებოდა? ასეთი მომენტებიც ძალიან ბევრია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ამ ყველაფრის ერთობლიობა, არჩევანის თავისუფლება და პარალელური რეალობები, ამბის თითოეული საკვანძო მომენტის ორგვარი გაგრძელება და საბოლოოდ, 8 დასასრული, საერთო ჯამში კი 15 ნაწილი – სწორედ ეს არის ინტერაქციული წიგნი „ფენიქსი“, რომელიც მკითხველს ჟანრთა მრავალფეროვნებასა და ამბის ბევრნაირ განვითარებას სთავაზობს.

პირველი ნაწილი „ასტროიდი“ მოგვითხრობს მთავარი გმირის, სალის ისტორიას, რომელიც საკვანძო მომენტში წყდება. მისი გაგრძელება კი ორი წიგნია, ორი სულ სხვადასხვაგვარი ისტორიით, რომლებშიც სალისთან ერთად სხვა მთავარი გმირები სხვადასხვა ადამიანები არიან. წიგნის სხვადასხვა გაგრძელებაში ვხვდებით საერთო ამბებსაც, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ისტორიები იმ კონკრეტული ნაწილის მთავარი გმირის თვალით, სხვა რაკურსიდანაა დანახული. მკითხველი თავად ირჩევს, რომელ ხაზს გაჰყვეს და რომელი გაგრძელება წაიკითხოს.



ეს არ არის ერთი ჟანრის ნაწარმოები. თითოეულ ხაზს თავისი ჟანრი აქვს, რომელსაც ავტორები ქმნიან და აგრძელებენ. შესაბამისად, განსხვავებული ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა საინტერესო. თუმცა, ალბათ, შეუძლებელია, სერიის ერთი ხაზი წაიკითხო და კითხვა არ გაგიჩნდეს, რა მოხდა მაშინ, როცა მთავარმა გმირმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო? იქნებ მეორე ხაზს თქვენი საყვარელი გმირი საბედისწეროდაც ასრულებს?

ვინ არიან „ფენიქსის“ ავტორები?

„ფენიქსი“ გამომცემლობა „პალიტრა L"-ის პროექტია. იდეის ავტორი კრეატორი კოტე იანტბელიძეა. ავტორები კი: თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი არიან. საწყის ეტაპზე შეიქმნა რამდენიმე ფაბულა და თეა ინასარიძის მიერ დაწერილი შეირჩა ამბის დასაწყისად. სწორედ ამიტომ, პირველი ნაწილის, „ასტროიდის“ ავტორი თეაა. გაგრძელებაში კი ეტაპობრივად ჩაერთნენ დანარჩენი ავტორებიც. თითოეულ ხაზში თხრობა პირველ პირში ხდება და ყველა ავტორს თავისი მთავარი გმირი ჰყავს.

ტორესა მოსი: “ლიტერატურული სამყაროსთვის არც ინტერაქციული რომანებია უცხო და არც მწერლების ერთი ტექსტის გარშემო გაერთიანება, თუმცა პროექტი “ფენიქსი” ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. იდეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გუნდს გაუჩნდა. პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. წიგნზე უნდა გვემუშავა მე, თეა ინასარიძეს და ელის დოჯსონს, რაც მაგულიანებდა, რადგან ასეთ საქმეში გამოცდილი და საიმედო პარტნიორები მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ამოცანა შთამბეჭდავი იყო - უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს, შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ. “ფენიქსი” საინტერესო, დინამიკური და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედი მაქვს, მკითხველი გაჰყვება ჩვენს ამბავს და სიამოვნებასაც მიიღებს”.



ნიკოლას მაჩაბელი: „პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან სასიამოვნო და გამორჩეული. სხვა ავტორებთან ერთად განვიხილავდი ძირითად თემებს, საერთო ხაზებს, შემდეგ კი ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული - რას დავწერდი და როგორ. გამიხარდა, როცა რედაქტორისგან და კოლეგა ავტორებისგან დადებითი შეფასება მივიღე პირველ ნაწილზე, შემდეგი ნაწილები უფრო თამამად და თავისუფლად დავწერე. პროექტი "ფენიქსი" ყველა თაობის და ყველა გემოვნების მკითხველისთვისაა, განსაკუთრებით ამ ზაფხულს, მათ მოსაწყენი დრო ფაქტობრივად არ დარჩებათ, თუ ჩაერთვებიან ჩვენს ლიტერატურულ სერია-თავსატეხში.“

რას უნდა ელოდოს მკითხველი „ფენიქსისგან“?

თეა ინასარიძე: „წიგნების კითხვის დროს ძალიან ხშირად დამრჩენია დაუკმაყოფილებლობის განცდა და სხვანაირ დასასრულზეც მიფიქრია. „ფენიქსი“ მკითხველს საშუალებას მისცემს, ერთი ამბის ბევრნაირი გაგრძელება წაიკითხოს. ხაზების არჩევა ჟანრების მიხედვითაც კი შეიძლება. ძალიან მინდა, მეც მკითხველი ვიყო, არ ვიცოდე, რა მელის და „ფენიქსის“ საოცარ თავგადასავალში გადავეშვა. პროექტზე მუშაობა რთული და ძალიან საინტერესო იყო. ავტორები ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს ვაგრძელებდით და გუნდური პრინციპით, შეთანხმებულად ვმუშაობდით. ხშირად ვიკრიბებოდით, განვიხილავდით ყოველ დეტალს. შეცდომის უფლება არ გვქონდა. ძალიან ბევრი პერსონაჟი შემოდის, ზოგჯერ მოქმედებები მეორდება, ოღონდ სხვა გმირის რაკურსით, რაც ასევე ძალიან საინტერესოა. წერის დროს საოცარ აზარტში შევედი. მკითხველს ბევრი მოულოდნელობა ელის... ალტერნატიული რეალობები ზოგჯერ უცნაურად იკვეთება ერთმანეთთან. გმირებმა კი არ იციან ის, რაც ეცოდინება მკითხველს. „ფენიქსი“ ერთგვარი წიგნი-თამაშია, ძალიან საინტერესო სიუჟეტით, რომელსაც მკითხველი თავისი გემოვნებით ააწყობს.“


ელის დოჯსონი: „ეს იყო საინტერესო გამოწვევა. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ლიტერატურულ სიახლეში. გუნდური მუშობა რომანის წერისას იყო რაღაც საინტერესო და ახალი. ვფიქრობ, კარგად გავართვით ოთხივემ თავი. დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდია. წიგნი ყველა ჟანრის მოყვარულისთვისაა. და მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ისტორიას ბევრი დასასრული აქვს, მკითხველს მაინც გაუჩენს სურვილს - იქნებ კიდევ დაეწერათ!“
9 ივლისს წიგნის პრეზენტაცია "მზიურის" კაფეში გაიმართება.


იხილეთ ღონისძიების ბმული:




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93