წიგნის მაღაზიის დახლებზე განსაკუთრებული სიახლეა. „ფენიქსი“ – ქართული ინტერაქციული წიგნი, რომელიც ოთხმა ავტორმა შექმნა და საერთო ჯამში 15 წიგნს აერთიანებს, უკვე იყიდება. ამბის დასაწყისი „ასტროიდი“ და მისი ორი ალტერნატიული გაგრძელება -„ჩაფერფლვა“ და „გადატვირთვა“ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო მათი გაგრძელებები ეტაპობრივად, 10 დღეში ერთხელ გამოვა. კრეატორ კოტე იანტბელიძის საინტერესო იდეა და 4 ქართველი ავტორის კოლაბორაცია მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ავტორებისთვის დიდი გამოწვევა იყო პერსონაჟების ამბების სათავისოდ ქცევა და გაგრძელება, თუმცა გამოწვევა წარმატებით დაძლეულია და წიგნი უკვე ელოდება მკითხველს.
პირველი ნაწილი „ასტროიდი“ მოგვითხრობს მთავარი გმირის, სალის ისტორიას, რომელიც საკვანძო მომენტში წყდება. მისი გაგრძელება კი ორი წიგნია, ორი სულ სხვადასხვაგვარი ისტორიით, რომლებშიც სალისთან ერთად სხვა მთავარი გმირები სხვადასხვა ადამიანები არიან. წიგნის სხვადასხვა გაგრძელებაში ვხვდებით საერთო ამბებსაც, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ისტორიები იმ კონკრეტული ნაწილის მთავარი გმირის თვალით, სხვა რაკურსიდანაა დანახული. მკითხველი თავად ირჩევს, რომელ ხაზს გაჰყვეს და რომელი გაგრძელება წაიკითხოს.
ეს არ არის ერთი ჟანრის ნაწარმოები. თითოეულ ხაზს თავისი ჟანრი აქვს, რომელსაც ავტორები ქმნიან და აგრძელებენ. შესაბამისად, განსხვავებული ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა საინტერესო. თუმცა, ალბათ, შეუძლებელია, სერიის ერთი ხაზი წაიკითხო და კითხვა არ გაგიჩნდეს, რა მოხდა მაშინ, როცა მთავარმა გმირმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო? იქნებ მეორე ხაზს თქვენი საყვარელი გმირი საბედისწეროდაც ასრულებს?
ტორესა მოსი: “ლიტერატურული სამყაროსთვის არც ინტერაქციული რომანებია უცხო და არც მწერლების ერთი ტექსტის გარშემო გაერთიანება, თუმცა პროექტი “ფენიქსი” ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. იდეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გუნდს გაუჩნდა. პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. წიგნზე უნდა გვემუშავა მე, თეა ინასარიძეს და ელის დოჯსონს, რაც მაგულიანებდა, რადგან ასეთ საქმეში გამოცდილი და საიმედო პარტნიორები მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ამოცანა შთამბეჭდავი იყო - უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს, შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ. “ფენიქსი” საინტერესო, დინამიკური და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედი მაქვს, მკითხველი გაჰყვება ჩვენს ამბავს და სიამოვნებასაც მიიღებს”.
ნიკოლას მაჩაბელი: „პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან სასიამოვნო და გამორჩეული. სხვა ავტორებთან ერთად განვიხილავდი ძირითად თემებს, საერთო ხაზებს, შემდეგ კი ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული - რას დავწერდი და როგორ. გამიხარდა, როცა რედაქტორისგან და კოლეგა ავტორებისგან დადებითი შეფასება მივიღე პირველ ნაწილზე, შემდეგი ნაწილები უფრო თამამად და თავისუფლად დავწერე. პროექტი "ფენიქსი" ყველა თაობის და ყველა გემოვნების მკითხველისთვისაა, განსაკუთრებით ამ ზაფხულს, მათ მოსაწყენი დრო ფაქტობრივად არ დარჩებათ, თუ ჩაერთვებიან ჩვენს ლიტერატურულ სერია-თავსატეხში.“
ელის დოჯსონი: „ეს იყო საინტერესო გამოწვევა. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ლიტერატურულ სიახლეში. გუნდური მუშობა რომანის წერისას იყო რაღაც საინტერესო და ახალი. ვფიქრობ, კარგად გავართვით ოთხივემ თავი. დანარჩენი მკითხველისთვის მიგვინდია. წიგნი ყველა ჟანრის მოყვარულისთვისაა. და მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ისტორიას ბევრი დასასრული აქვს, მკითხველს მაინც გაუჩენს სურვილს - იქნებ კიდევ დაეწერათ!“
9 ივლისს წიგნის პრეზენტაცია "მზიურის" კაფეში გაიმართება.