გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე უკვე იქცა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად. გამოძიების დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ საქმეში პასუხებზე მეტი კითხვაა, როგორც საგამოძიებო პროცესების მიუკერძოებლობასთან, ისე სამართალდამცველთა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.
შეცვლილი ჩვენებები
განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, თანაც ისე, რომ ყოველი ახალი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მათ წინა ჩვენებასთან და კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ შეცვლილი ჩვენებები ბრალდებულების სასარგებლოდ მუშაობს.
ასე მაგალითად, გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი გურამ ამირხანაშვილი, რომელიც წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერს, რომ თავდამსხმელებმა იგი ძალადობის შედეგად ჩაისვეს ავტომობილში და თბილისში წაიყვანეს. შეცვლილ ჩვენებაში კი უარყოფს ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ იძულების გარეშე ჩაჯდა თავდამსხმელების მანქანაში.
საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე ვახო ახვლედიანი, რომელიც თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მცხეთის გზატკეცილზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერდა, თუ როგორ დაესხნენ თავს ავტომობილიდან გადმოსული პირები და შემდეგ როგორ დაედევნენ გინებითა და მუქარით სამალავისკენ გაქცეულებს.
7 ივლისს კი, გავრცელდა ახვლედიანის სრულიად საპირისპირო ჩვენება, რომლის თანახმადაც, მოწმემ განაცხადა, რომ "თბილისიდან ჩამოსულებს ჩხუბი არ სურდათ" (შენიშვნა: მოგვიანებით, ახვლედიანის ოჯახმა და ადვოკატმა ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს).
ერთმანეთთან შეუსაბამობაშია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენებებიც. მან სულ სამჯერ მისცა ჩვენება გამოძიებას და იდენტური არცერთი არ არის. გაგრძელება