23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება, რადგან ექსპერტ-კრიმინალისტებმა მის ავტომანქანაში, კონკრეტულად - ხელჩანთაში, ანტიარითმიული საშუალება აღმოაჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა. კითხვაზე - იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია, რომელი პრეპარატი და რა დოზა ჰქონდა გოგონას მიღებული, ამას დაახლოებით ერთ კვირაში ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უპასუხებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ნაპოვნ მედიკამენტის ფირფიტას 20 აბი აკლდა. ეს პრეპარატი გულის საშუალებაა და ის სტენოკარდიის, ტაქიკარდიისა და გულის რითტმის დარღვევის დროსაა რეკომენდებული. თემის ირგვლივ ambebi.ge წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" დირექტორ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა, რომლის სახელითაც ჩაერთო საქმის მსვლელობაში დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა.
- ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ, ალბათ, ტყუილად არ ახსენა ტელეეთერში, რომ პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როცა სამიზნისთვის იძულებით გაუკეთებიათ ინიექცია და თვითმკვლელობის ინსცენირება მოუწყვიათ. ანუ არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც შესაძლოა ამასთან გვქონდეს საქმე?
- ვიდრე გამოძიების მასალებს არ ვნახავთ, ძნელია ამის თქმა. ინიექციის კვალის დადგენა ახლა შეუძლებელია. ერთადერთი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თუ რამეს ამოაგდებს. აღებულია ნიმუშები გარდაცვლილის სხვადასხვა ორგანოდან. მას ტაბლეტები თუ აქვს მიღებული, ის კუჭშიც გამოჩნდება, სისხლშიც და ყველა ნიმუშშიც. ინიექცია ყველგან არ ჩანს და მისი დადგენა უფრო რთული პროცესია.
- თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა მდგომარეობაში იყო გვამი, შესაძლებელია, რომ ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ არ ამოაგდოს მიღებული ნივთიერება და გაურკვეველი დარჩეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი?
- გააჩნია, რა ნივთიერებაა. ექსპერტიზა ზოგს აგდებს, ზოგს - არა. ასე ჯერ ვერ დავადგენთ, ყველაფერი გამოჩნდება ექსპერტიზის დასკვნაში - დალია, დაალევინეს, ინიექცია აქვს გაკეთებული სხვა პრეპარატი აქვს მიღებული, თუ - ავტომანქანაში ნაპოვნი. იმასაც გააჩნია, კიდევ რას აჩვენებს საგამოძიებო მასალები. ვინ იცის, შესაძლოა, ნიმუშებში სხვა ნივთიერებებიც ნახოს ექსპერტიზამ. ზოგადად, ბევრი დასახელების წამლის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ნივთიერებასაც გამოავლენს და დოზასაც. ტოქსიკური ნივთიერების გამოვლენას რამდენიმე დღე სჭირდება. როცა ყველაფერი შეჯერდება - ექსპერტიზის პასუხები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ, შემდეგ შეგვეძლება თამამად მსჯელობა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე.
- ადამიანს მეტაბლოკატორი თუ აქვს მიღებული, ვინაიდან ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, გვამზე რაიმე კვალს ტოვებს? ანუ აქვს რაიმე მახასიათებელი?
- არა, ეს მედიკამენტი არანაირ კვალს არ ტოვებს, თუმცა მაგ გაზით მოწამლულს გამონაყარი ახასიათებს. მეტაბლოკატორის დიდი დოზა წნევას დაბლა სცემს და გული ჩერდება. კანზე რამე რომც ყოფილიყო, ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, იქ რამის გარჩევა შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მე-5 დღეს ნახეს, თან სიცხეში იმყოფებოდა. ექსპერტმა სიკვდილის ხანგრძლივობად 3-5 დღე დაწერა. სავარაუდოდ, როცა დაიკარგა, გოგონა იმავე დღეს გარდაიცვალა. ის, რომ ცხედარს ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, არ ნიშნავს იმას, რომ მასზე არ უძალადიათ. ძალადობა ფართო ცნებაა და სხვადასხვა სახის არსებობს, მათ შორის - ფსიქოლოგიურიც. გაგრძელება