დღეს საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
შატილის გზაზე დაშავებული სამი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორისაა მესტიელი თამო არღვლიანი. მისი ბოლო სტატუსი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ასეთია: "შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის მონახო". მისი ახლობლები ახლა თამუნა არღვლიანის და კიდევ ორი დაშავებული ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად ლოცვას სთხოვენ ყველას.
ამ დრომდე მძიმეა 23 წლის ხატია დევსურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დასთან, 25 წლის მედეა ( მეა) დევსურაშვილთან და მედეას უახლოეს მეგობართან, მაკო კუდარავასთან ერთად იყო შატილში წასული. მედეა და მაკო ადგილზე დაიღუპნენ.
როგორც ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, დები დევსურაშვილები მისი მეზობლები არიან: "ეს გოგონები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ძალიან განათლებული და კარგი ბავშვები იყვნენ.
საშინელება ტრიალებს ჩვენს სადარბაზოში. ჰყავთ კიდევ ნაბოლარა და, 11 წლის. საუკეთესო გოგონები აღზარდეს მშობლებმა, მართლა ძალიან კარგი ბავშვები. მოწესრიგებულები. ხატიას და მედეას ლოგინად ჩაწოლილი ბებია ჰყავთ და ავადმყოფ ბებიას უვლიდნენ. ინტერნეტში მოუძებნიათ ეს ტური და წასულან. მათთან ერთად მიდიოდა მედეას უახლოესი მეგობარი, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს. წინა დღეს უყიდიათ პროდუქტები და ძალიან გახარებულები ყოფილან. დედას ლობიანები დაუცხვია. მამამ წაიყვანა და ჩასვა მიკროავტობუსში. დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო... ხატია, საბედნიეროდ, ცოცხალია და ახლა ყველა იმას ვნატრობთ, რომ გადარჩეს. განადგურებული დედა ყველას სთხოვს, ლოცვით დამეხმარეთ, რომ ჩემი ხატია მაინც გადამირჩესო". გაგრძელება