ამბობენ, ერთმანეთისთვის ცოლ-ქმარი ყველაზე ახლობელია, მაგრამ თუ წაიკიდნენ - ყველაზე დიდი მტრებიო. რატომ უნდა გადაემტერონ ერთმანეთს ოდესღაც მოსიყვარულე ადამიანები? ამაზე არაერთხელ დაწერილა და ფსიქოლოგებიც მუდმივად მუშაობენ. ასე ადვილი რომ იყოს დასკვნის გაკეთება, ეს თემაც ასე გაუცვეთელი არ იქნებოდა...
ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, - ძალიან ხშირად, როცა კაცს ცოლისადმი გრძნობა უცივდება, შვილის მიმართაც გულგრილი ხდებაო. როცა ოჯახიც იშლება, ფიქრობს: აღარ ვარ მოვალე, შვილი (ან შვილები) ვარჩინო, ჩემმა ცოლმა განშორება გადაწყვიტა და
ჩემგან ნურაფერს მოელისო...
ეს ამბავი 9 წლის წინ დაიწყო.…ცოლ-ქმარს შორის "ცივი" ომი 3 წელია გრძელდება. რევაზი აჭარელია (მისი ნამდვილი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ). ყველა ზღვისპირელი შორეულ ნაოსნობასა და კაპიტნობაზე ოცნებობს. გამონაკლისი არც რეზო იყო. სწავლის დასრულების მერე ბოცმანობით დაიწყო კარიერა, უკან არაფერზე იხევდა, თავისი საქმე ძალიან უყვარდა და მიზანმიმართულად წინ მიიწევდა. 12 წლის შემდეგ აისრულა ოცნება - გახდა კაპიტანი. საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. მისი დიდი ოჯახი - მშობლები, სამი და და ბებია-ბაბუა - რეზოს შემყურე იყო. გასაკვირია, მაგრამ არავის ეჩქარებოდა ერთადერთი ვაჟის დაოჯახება. ყველა თავისთვის ფიქრობდა, რომ დაოჯახებული რეზო ხელხვავიანი აღარ იქნებოდა. დრო კი მიქროდა. უცხოეთის კომპანიები რეზოს საგანგებოდ ქირაობდნენ, როგორც გამოცდილ კაპიტანსა და თავისი საქმის კარგ მცოდნეს. 42 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ თბილი კერა უნდოდა. ერთ ნათესავს გაანდო სურვილი. ისიც დატრიალდა და მალე გამოუძებნა საცოლე. ნინა კარგი ქალი აღმოჩნდა, მომხიბვლელი, განათლებული. ინგლისურ ენას ასწავლიდა სკოლასა და კოლეჯში, არც კერძო მოსწავლეები აკლდა. ბევრი აღარ უფიქრია რეზოს, მივიდა ნინას ოჯახში და დანიშნა ქალი. ცოტა ხანში ქორწილიც გადაიხადეს.
პირველი გოგო გაჩნდა, ორი წლის შემდეგ - ბიჭი. რეზო და ნინა ცალკე ცხოვრობდნენ. როცა რეზო შორეულ ნაოსნობაში მიდიოდა, ნინას ბავშვების გაზრდაში დედა და და ეხმარებოდნენ. უკვირდა ქალს, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. დედამთილი და მულები იშვიათად თუ მოინახულებდნენ, თუმცა დადარაჯებული თვალით უმოწმებდნენ ყველაფერს. ერთხელ უფროსმა მულმა ისიც კი უთხრა, - ჩვენი ძმა ბევრს წვალობს, რომ ორი ოჯახი არჩინოს, ამიტომ ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავო. ნინა არ მოელოდა ამას, მაგრამ უსიამოვნება არ უნდოდა და მულს თხოვნა შეუსრულა - დაიწყო ჩამოწერა... შინ დაბრუნებულ რეზოს ცოლმა არ დაუმალა, - ასე და ასე იყო საქმე, რატომ ერევიან შენიანები ჩვენს პირად საქმეშიო. რეზომ კი, - ჩემი პირადი მათი საქმეცაა და ეგ მეორედ აღარ თქვაო. გაგრძელება