კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელს გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი - პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ის უკვე 12 წელია, რაც საქართველოშია. ბრენდი საუკუნეზე მეტხნიანი ისტორიით სილამაზის ინდუსტრიაში კვლავ დიდი წარმატებით მოღვაწეობს და დღესდღეობით Natura & Co-ს მსოფლიოში სიდიდით N4 ბიუთი კორპორაციის წევრია. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ეწევა მილიარდიან დონაციას შესაბამის სოციალურ პროექტებში.
ამ ცოტა ხნის წინ AVON-მა ბრენდი განაახლა. რებრენდინგის პროცესში შეიცვალა როგორც ვიზუალური მხარე, ისე ფილოსოფიური კონცეფცია. გადახალისებული ბრენდი კიდევ უფრო თამამი და ექსპრესიულია, ასეთივე თამამი და ინოვაციურია მისი ახალი სლოგანიც “ახლა კი, მიყურე” (Watch Me Now)... ასევე შეიცვალა კომპანიის მთავარი სიმბოლოც, მას სწორკუთხა ტიპოგრაფია შეემატა, რასაც თან სახასიათო რკალისებური ფორმები ახლავს. ბრენდის დამახასიათებელი ვარდისფერი კი ვარდისფერ-იისფრის კომბინაციამ შეცვალა. საინტერესოა, რომ მსოფლიო მასშტაბის კომპანიის რებრენდინგზე ქართველმა გრაფიკოს-დიზაინერმა ანა კვეზერელმა, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ბრენდინგ-კომპანიასთან ერთად იმუშავა. განახლებული კომპანია ბევრ სხვა სიახლესაც გვპირდება.
ნუცა სოსებაშვილი, AVON-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
- 135 წლის მანძილზე კომპანია მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა, მიჰყვებოდა იმ პერიოდისთვის აქტუალურ ტენდენციებსა და ინოვაციებს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბრენდს უკვე საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და არის ერთ-ერთი გიგანტი მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი რამ იყო და არის უცვლელი: ქალების გაძლიერების, განვითარების, წარმატების ხელშეწყობა და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. 135 წლის წინ Avon-ში ქალებმა მიიღეს დამოუკიდებელი ანტერპრენერობის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებდნენ.
რებრენდინგის მიზანი სწორედ ის არის, რომ უფრო მკაფიოდ გამოიხატოს ბრენდის ფილოსოფია: Power of Beauty, რომელიც საშუალებას აძლევს 5 მილიონ წარმომადგენელს მსოფლიოს მასშტაბით, იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, დასაქმებული და, რაც მთავარია, ხმა აიმაღლოს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.
განახლებული ვიზუალური იდენტობა და მესიჯები უფრო მკაფიოდ, თამამად და ხმამაღლა ამბობს ჩვენს სათქმელს. სწორედ ეს არის ის ფასეულობები, რისიც გვჯერა უკვე 135 წელია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და 12 წელია – საქართველოს ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ გლობალური კომპანიის რებრენდინგზე ლონდონში მოღვაწე ქართველმა გრაფიკოსმა დიზაინერმა ანა კვეზერელმა, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ბრენდინგ კომპანიასთან თანამშრომლობით იმუშავა.
რებრენდინგის სამუშაო პროცესის შესახებ გრაფიკოსი დიზაინერი ანა კვეზერელი გვესაუბრა:
ანა კვეზერელი:
- პროექტზე სამუშაოდ ლონდონის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდინგ კომპანია Bloom London-მა შემარჩია. ეს იყო ჩემი მორიგი ფრილანს კონტრაქტი ლონდინში და როგორც ფრილანს მარკეტზე ხდება ხოლმე, წინასწარ არ ვიცოდი, რა ბრენდზე მომიწევდა მუშაობა. მახსოვს, ძალიან ეჩქარებოდათ დიზაინერის აყვანა, ხუთშაბათს დამირეკეს და ორშაბათს უკვე სააგენტოში მივედი, რამდენიმე კვირით. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი დიზაინერის შერჩევისას, ტიპოგრაფიაზე მუშაობის/შექმნის უნარი იყო.
პროექტის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ სააგენტომ მიმიწვია მარკეტინგული ვიდეოს ჩასაწერად. იმ დღეს შევხვდი AVON-ის მთავარ წარმომადგენელს ბრიტანეთში, რომელსაც სწორედ იმ შეხვედრაზე გავეცანი, როგორც ქართველი.
მუშაობის დაწყებისას, AVON-ის ისტორიასა და ღირებულებებს უკეთესად გავეცანი და შთაგონება გახდა თავად ბრენდი, რომელსაც 135-წლიანი ისტორია აქვს და საუკუნეზე მეტია, ასე ვთქვათ, ულამაზებს ყოველდღიურ ცხოვრებას ადამიანებს. ასევე, ძალზე მამოტივირებელი ფაქტი იყო, რომ მსოფლიო ქალთა ბრენდის რებრენდინგზე ქალმა ვიმუშავე.
ჩემ გარდა, სააგენტოში კიდევ 3 დიზაინერი მუშაობდა ინდივიდუალურად და უშუალოდ პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. შეხვედრებზე ერთმანეთის ვერსიებს განვიხილავდით, მთავარ სტრატეგთან ერთად. ვადარებდით, რამდენად ემთხვევა დიზაინი სტრატეგის ნაწილს, რომელიც ასევე მუშაობის პროცესში იყო და რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ვერსია შევქმენი, თუმცა არჩეული ლოგო არის ერთ-ერთი პირველი კონცეფცია, რომელიც მე თვითონ ძალიან მინდოდა, რომ აერჩია დამკვეთს. მინდოდა შემექმნა ახალი, განსხვავებული დიზაინი, მაგრამ შემენარჩუნებინა იგივე არქიტექტონიკა. ლოგოში მომრგვალებული ფორმები ასოცირდება სილამაზესთან და ჰარმონიასთან, ხოლო მახვილი კუთხეები - წინსწრაფვასთან და წარმატებასთან. ახალი ლოგო უფრო თამამია, მაგრამ ამავდროულად. ქალურიც. მეტად სქელი ასოები რბილი და მახვილი კუთხეებით ასახავს AVON-ის მისიას და ბრენდის სტრატეგიულ მიმართულებას.
ჩემი კარიერული წინსვლისთვის ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ბრენდის ისტორიაში პატარა წვლილი შევიტანე.
ბრენდის განახლება AVON-ისთვის ბევრი ახალი ჩანაფიქრის დასაწყისია. რებრენდინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, სულ მალე, კომპანიაში გეგმავენ ლოკალურ პროექტს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად UNFPA საქართველოს ოფისთან და ქართული კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელთან ერთად, რომლის ვინაობასაც, სიახლესთან ერთად, ექსკლუზიურად გაგვიზიარებენ.