სიახლე

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა
დიმიტრი ამილახვარს, საფრანგეთის ქართველ გმირს, როგორც მას ისტორიკოსი გიორგი კალანდია უწოდებს, წიგნში „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ შევხვდებით. 12-ტომეული 16 ნოემბრიდან თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ქართველი გახლდათ დიმიტრი ამილახვარი, რომლის შესახებაც 12-ტომეულის პირველ ტომში ვკითხულობთ.

ვინ იყო დიმიტრი ამილახვარი და როგორ აღმოჩნდა იგი საფრანგეთში?

დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, ბაზორკინოში დაიბადა. სწორედ დაბადების ადგილის მიხედვით შეურქმევიათ მეტსახელად „ბაზორკა“. მისი
ბაბუა XIX საუკუნის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე ივანე ამილახვარი გახლდათ, მამა ‒ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი.
1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ოჯახი ემიგრაციაში გაემგზავრა და 1922 წელს პარიზში დასახლდა. 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა წარმატებით დაამთავრა საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სკოლა ‒ სან-სირის სასწავლებელი. სიმამაცითა და ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა ოფიცერი უცხოურ ლეგიონში ჩარიცხეს. 20 წლის დიმიტრი უკვე კაპიტანია ‒ იმ დროისთვის საფრანგეთის არმიის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი.
პარიზში დიმიტრი ირინე დადიანზე დაქორწინდა. ორი შვილიც შეეძინათ ‒ თამარი და ოთარი, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე მსოფლიო ომმა წყვილი სამუდამოდ დააშორა...

„შენ ორი ტყვიით ორჯერ მოგკლეს, კაცო ნათელო...“
როცა გერმანელმა ფაშისტებმა საფრანგეთი დაიპყრეს, რამდენიმე გმირი, მათ შორის, დიმიტრი ამილახვარიც, გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით, განაგრძობდა ბრძოლას. 1940 წლის მაისში ქართველი მეომარი, უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადასთან ერთად, გემით გაემგზავრა ნორმანდიაში. მალე მაიორი დიმიტრი ამილახვარი გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას შეუერთდა. ამის გამო მას ფაშისტურმა რეჟიმმა სიკვდილი დაუსწრებლად მიუსაჯა.
ამილახვარმა არაერთ ბრძოლაში დიდი სტრატეგიული ნიჭი და წინდახედულობა გამოავლინა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დამასკოს აღებისას და პოლკოვნიკის წოდებაც დაიმსახურა. 1942 წლის იანვრიდან მოყოლებული, თავისუფალი ბრიგადა, გენერალ კენიგის და მისი მოადგილის, ამილახვრის მეთაურობით, პირამიდებიდან ფეხდაფეხ მისდევდა იტალია-გერმანიის ფაშისტურ ძალებს. მათ დაიკავეს უდაბნოს გამაგრებული ადგილი ბირ-ჰაქეიმი. აფრიკული კორპუსის არიერგარდთან ბრძოლების დროს ყველგან ჩანდა პოლკოვნიკ ამილახვრის მაღალი სილუეტი. 10 აპრილს გენერალმა დე გოლმა ამილახვარი გამოჩენილი მამაცობისთვის „თავისუფლების ჯვრით“ თავადვე დააჯილდოვა.

როგორც წიგნის - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველ ტომში ვკითხულობთ, დიმიტრი ამილახვარს ერთი მოსასხამი ჰქონდა, რომელსაც არასდროს იშორებდა და ამბობდა, სანამ ეს მოსასხამი მაქვს, ტყვიისა არ მეშინიაო. მართლაც, ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში ამ მოსასხამით ყოველთვის უვნებლად გადარჩენილა. 1942 წლის 24 ოქტომბრის დილას მოსასხამი დაკარგა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიკვდილოდ დაიჭრა... 1942 წელს, ლიბიაში, საფრანგეთისთვის გმირულად დაეცა კერენის ბრძოლისა და სირიის სამხედრო მოქმედებათა ვეტერანი, ქართველი დიმიტრი ამილახვარი.

ქართველ რაინდს გენერალი მონკლარი ამ სიტყვებით დაემშვიდობა: „ბრძოლის ველზე დაიღუპა გმირი, რომელმაც დათრგუნა ყველა ადამიანური სისუსტე, ღირსეულად განვლო ხანმოკლე ცხოვრება და არავის წინაშე არ დაუჩოქია. მან დაუჩოქა მხოლოდ უფალს, ლეგიონის დროშას, ახლა კი სასიკვდილოდ დაჭრილმა მესამედ ჩაიჩოქა ისე, რომ ვეღარ წამოდგა. ასე დაიღუპა 35 წლის დიმიტრი ამილახვარი, ქართველი ფრანგი ოფიცერი, მეთაური, რომელიც ყველგან და ყოველთვის ღირსეული შვილი იყო თავისი გვარისა“.

  • დიმიტრი ამილახვარი ვერც საფრანგეთის გათავისუფლებას მოესწრო და ვერც ომის დამთავრებას. ქართველი ვაჟკაცი შორეულ ეგვიპტეში, საძმო სასაფლაოზე განისვენებს.

დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის ისტორიაში

„დიმიტრი ამილახვარი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, ერთ-ერთ იმ მებრძოლად, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა. იგი საქართველოს სიამაყეცაა“, ‒ ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2011 წლის 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქართველებს. სარკოზის სიტყვები ადასტურებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთში დღესაც იმდენად პოპულარულია, რომ ფრანგების დიდ ნაწილს, მით უმეტეს ‒ სამხედროს, რომ სთხოვო, დაასახელოს საფრანგეთის სამი ყველაზე გამორჩეული სამხედრო პირი, ასე გიპასუხებთ: ნაპოლეონი, შარლ დე გოლი და პრინცი ამილახვარი.

კიდევ ბევრი ქართველია, რომლებმაც სხვა ქვეყნების ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს და რომლების შესახებაც შეიძლება ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი ვიცით. სწორედ ამ ადამიანების ქართველი საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება „პალიტრა L-ის“ უნიკალური გამოცემა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - 12-ტომეული, რომლის მასალას ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია 10 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში აგროვებდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93