სიახლე

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

ადამიანს ისტორია იმისათვის სჭირდება, რომ გაიგოს აწმყოს წარმოშობის შესახებ. რა იყო ჩვენამდე? რამ მოგვიყვანა ასეთ ცხოვრებამდე? რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში? ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ამბავი შეიძლება ერთგვარ ეტალონადაც იქცეს, მიბაძვის მაგალითი გახდეს. შეუძლებელია ისეთი ადამიანის ცხოვრებამ, რომელმაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი და ბევრი კეთილი საქმე ჩაიდინა, არ აღგიძრას სიამაყის შეგრძნება.

ისტორია ხომ ერთგვარი „დროის მანქანაა“. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგიძლია აღმოჩნდე სხვა საუკუნეში. საკმარისია, უბრალოდ ისტორიის წიგნი გადაშალო.


საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით უამრავი ქართველი აღმოჩნდა
სამშობლოს მიღმა. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზო-უკვლოდ, ზოგი ნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა, ბევრის სახელი და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა. ამ უცნობი ქართველების შესახებ ინფორმაციას „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის, გიორგი კალანდიას წიგნში - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ვიპოვით. ეს არის ამბები მთელი მსოფლიოდან იმ ქართველთა კვალის შესახებ, რომელთა დიდ ნაწილს არათუ არ ვიცნობთ, მათ შესახებ არც კი გვსმენია.

  • 12-ტომეული 16 ნოემბრიდან თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში.

სოფელი ბულგარეთში, რომელსაც ქართველი თავადის სახელი ჰქვია


წერეთლევო - ასე ჰქვია სოფელს ბულგარეთში, სადაც ამჟამად 355 ადამიანი ცხოვრობს. მას ძველად დუმანლი ერქვა. 1930 წელს სოფლის მცხოვრებლებმა ბულგარეთის მეფეს თხოვნით მიმართეს, რომ სოფლისათვის თავადისა და დიპლომატის, ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთლის სახელი ეწოდებინათ.
  • ალექსი, რომელსაც მრავალი დამსახურება მიუძღვის, ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის - აკაკი წერეთლის ბიძაშვილი იყო.
ალექსი წერეთლის მიერ შეგროვებული ცნობებით მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ბულგარეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და თურქთა ბარბაროსობა. ის ბულგარეთის ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი იყო.
ბულგარეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად პლოვდივიდან გაემგზავრა და პირადად ინახულა ბულგარელებით დასახლებული სოფლები. მდგომარეობა უმძიმესი იყო, ბულგარელები ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ ‒ სადამსჯელო ექსპედიციებს გადარჩენილებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. ამიტომაც ალექსი წერეთელი ჯერ ნ. იგნატიევისგან, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა თანხებს მოსახლეობის გადასარჩენად. მან ბულგარეთში დააარსა უცხოელთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელსაც შეუერთდნენ რიგი დასავლეთის სახელმწიფოების კონსულები. საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით დაარსდა თავშესაფარი ასი ქვრივისა და ობლისათვის.

„რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავადი წერეთელი ქალაქ პლოვდივში, საკონსულოში მუშაობდა. უმძიმესი პერიოდი იდგა. 1876 წელს ბულგარეთში ოსმალთა წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყება დაიწყო. ეს სოფელი აჯანყების ეპიცენტრად იქცა. სწორედ აქ დააპატიმრეს ჩვენი გმირი ლევსკი, შეთქმული თავადის ქალები, სოფლის მოსახლეობა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ყველა მათგანს წამებით სიკვდილი ელოდა, თუმცა დატყვევებულებს პლოვდივიდან თავადი წერეთელი გამოესარჩლა. მისმა ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა ნიჭმა ოსმალო დამპყრობლები მოალბო. წერეთელმა ყველა დატყვევებული ბულგარელის დახსნა და უსაფრთხო ადგილებში გახიზვნა შეძლო“.

ბიოგრაფიული ცნობები


დაიბადა 1848 წელს. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ ლოზანაში სწავლობდა. 1865 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მეფის რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესდა სლავთა საკითხით, კერძოდ, სამხრეთ სლავთა მდგომარეობით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქებს ჰყავდათ დაპყრობილი. ალექსი წერეთელი სტუდენტობიდანვე დაინტერესდა სლავთა ისტორიითა და კულტურით, გულმოდგინედ სწავლობდა სლავურ კილოკავებს და სლავური სამართლის წყაროებს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და უშუალოდ გაეცნო სლავთა ყოფასა და კულტურას. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.

მოღვაწეობა და დამსახურებები

რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლში ამ დროს იყო გრაფი ნ. იგნატიევი. ალექსი წერეთლის, როგორც საელჩოს მდივნის, ხელში გადიოდა საელჩოში ბულგარეთიდან შემოსული მთელი კორესპონდენცია, რომლიდანაც ცხადი იყო, რომ ბულგარელები სულ მალე დაიწყებდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. 1876 წლის აპრილის ბოლოს ბულგარელები აჯანყდნენ. მათი თავდადების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, რასაც უსასტიკესი რეპრესიები მოჰყვა.
ასეთ გართულებულ მდგომარეობაში დაინიშნა 28 წლის ალექსი წერეთელი რუსეთის ვიცე-კონსულად ბულგარეთში. იგი 1876 წლის 5 ივნისს ჩავიდა პლოვდივში და ამ დროიდან მოყოლებული, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იცავდა ბულგარელი ხალხის ინტერესებს. იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც შეისწავლიდა თურქების მიერ ბულგარეთში ჩადენილ ბოროტმოქმედებებს.
1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები თურქეთიდან გაიწვიეს. რუსეთში დაბრუნებისთანავე ალექსი წერეთელი მოხალისედ შევიდა მოქმედ არმიაში და მონაწილეობა მიიღო დუნაიზე გადასვლისას წარმოებულ ბრძოლებში.
ბალკანეთის ლაშქრობის პირველივე დღეებიდან იგი წერდა დღიურს, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა სათაურით:

„წერილები ლაშქრობიდან. რუმინეთი-ტირნოვო; ბალკანეთის ლაშქრობა“.

ალექსი წერეთელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტირნოვოს გათავისუფლებისას და ტელიშთან ბრძოლაში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდა და 1878 წლის 24 აგვისტოს გენერალურ კონსულად დაინიშნა ფილიპოპოლში. 1878 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ რუმელიის კონსტიტუციის შემუშავებაში, რამაც მას დიდი სახელი და ნდობა მოუპოვა ადგილობრივ მოსახლეობაში.
1882 წელს მძიმე ავადმყოფობის გამო ალექსი წერეთელმა დატოვა რუსეთის გენერალური კონსულის პოსტი აღმოსავლეთ რუმელიაში და რუსეთში დაბრუნდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თავის მამულში, სოფელ ლაპიაგში, ტამბოვის გუბერნიაში გაატარა, სადაც 1883 წლის 16 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა სავსეა უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომლებსაც ავტორი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა. საბოლოოდ, შეიქმნა წიგნი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93