ადამიანს ისტორია იმისათვის სჭირდება, რომ გაიგოს აწმყოს წარმოშობის შესახებ. რა იყო ჩვენამდე? რამ მოგვიყვანა ასეთ ცხოვრებამდე? რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში? ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ამბავი შეიძლება ერთგვარ ეტალონადაც იქცეს, მიბაძვის მაგალითი გახდეს. შეუძლებელია ისეთი ადამიანის ცხოვრებამ, რომელმაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი და ბევრი კეთილი საქმე ჩაიდინა, არ აღგიძრას სიამაყის შეგრძნება.
საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით უამრავი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზო-უკვლოდ, ზოგი ნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა, ბევრის სახელი და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა. ამ უცნობი ქართველების შესახებ ინფორმაციას „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის, გიორგი კალანდიას წიგნში - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ვიპოვით. ეს არის ამბები მთელი მსოფლიოდან იმ ქართველთა კვალის შესახებ, რომელთა დიდ ნაწილს არათუ არ ვიცნობთ, მათ შესახებ არც კი გვსმენია.
წერეთლევო - ასე ჰქვია სოფელს ბულგარეთში, სადაც ამჟამად 355 ადამიანი ცხოვრობს. მას ძველად დუმანლი ერქვა. 1930 წელს სოფლის მცხოვრებლებმა ბულგარეთის მეფეს თხოვნით მიმართეს, რომ სოფლისათვის თავადისა და დიპლომატის, ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთლის სახელი ეწოდებინათ.
ბულგარეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად პლოვდივიდან გაემგზავრა და პირადად ინახულა ბულგარელებით დასახლებული სოფლები. მდგომარეობა უმძიმესი იყო, ბულგარელები ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ ‒ სადამსჯელო ექსპედიციებს გადარჩენილებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. ამიტომაც ალექსი წერეთელი ჯერ ნ. იგნატიევისგან, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა თანხებს მოსახლეობის გადასარჩენად. მან ბულგარეთში დააარსა უცხოელთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელსაც შეუერთდნენ რიგი დასავლეთის სახელმწიფოების კონსულები. საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით დაარსდა თავშესაფარი ასი ქვრივისა და ობლისათვის.
„რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავადი წერეთელი ქალაქ პლოვდივში, საკონსულოში მუშაობდა. უმძიმესი პერიოდი იდგა. 1876 წელს ბულგარეთში ოსმალთა წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყება დაიწყო. ეს სოფელი აჯანყების ეპიცენტრად იქცა. სწორედ აქ დააპატიმრეს ჩვენი გმირი ლევსკი, შეთქმული თავადის ქალები, სოფლის მოსახლეობა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ყველა მათგანს წამებით სიკვდილი ელოდა, თუმცა დატყვევებულებს პლოვდივიდან თავადი წერეთელი გამოესარჩლა. მისმა ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა ნიჭმა ოსმალო დამპყრობლები მოალბო. წერეთელმა ყველა დატყვევებული ბულგარელის დახსნა და უსაფრთხო ადგილებში გახიზვნა შეძლო“.
დაიბადა 1848 წელს. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ ლოზანაში სწავლობდა. 1865 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მეფის რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესდა სლავთა საკითხით, კერძოდ, სამხრეთ სლავთა მდგომარეობით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქებს ჰყავდათ დაპყრობილი. ალექსი წერეთელი სტუდენტობიდანვე დაინტერესდა სლავთა ისტორიითა და კულტურით, გულმოდგინედ სწავლობდა სლავურ კილოკავებს და სლავური სამართლის წყაროებს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და უშუალოდ გაეცნო სლავთა ყოფასა და კულტურას. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.
ასეთ გართულებულ მდგომარეობაში დაინიშნა 28 წლის ალექსი წერეთელი რუსეთის ვიცე-კონსულად ბულგარეთში. იგი 1876 წლის 5 ივნისს ჩავიდა პლოვდივში და ამ დროიდან მოყოლებული, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იცავდა ბულგარელი ხალხის ინტერესებს. იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც შეისწავლიდა თურქების მიერ ბულგარეთში ჩადენილ ბოროტმოქმედებებს.
1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები თურქეთიდან გაიწვიეს. რუსეთში დაბრუნებისთანავე ალექსი წერეთელი მოხალისედ შევიდა მოქმედ არმიაში და მონაწილეობა მიიღო დუნაიზე გადასვლისას წარმოებულ ბრძოლებში.
ბალკანეთის ლაშქრობის პირველივე დღეებიდან იგი წერდა დღიურს, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა სათაურით:
1882 წელს მძიმე ავადმყოფობის გამო ალექსი წერეთელმა დატოვა რუსეთის გენერალური კონსულის პოსტი აღმოსავლეთ რუმელიაში და რუსეთში დაბრუნდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თავის მამულში, სოფელ ლაპიაგში, ტამბოვის გუბერნიაში გაატარა, სადაც 1883 წლის 16 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოცემა სავსეა უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომლებსაც ავტორი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა. საბოლოოდ, შეიქმნა წიგნი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.