საქართველოში კორონავირუსის გამო სულ ცოტა ხნის წინ ხელმეორედ ჩაიკეტა ყველაფერი. უკვე კვირაზე მეტია აღარ მუშაობს რესტორნები, ბარები, ქალაქში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიები ონლაინმომსახურებაზე არიან გადასულები.
ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, თუმცა ვირუსთან ერთად საზოგადოებას გაჭირვებასთან ბრძოლა უწევს. დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ათასობით ადამიანის გადაადგილებაა დამოკიდებული და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი სახლიდან გასვლას საჭირო მიზნითაც ვეღარ ახერხებს.
საკვირველია, ჩვენს ქვეყანაში როგორი კეთილი ადამიანები არსებობენ. ლოქდაუნის გამოცხადების წინა დღეს ფოტოგრაფმა გიორგი მამასახლისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართა და მათ დახმარება შესთავაზა.
"ხვალიდან ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უ ფ ა ს ო დ. თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს."
გიორგის გადაწყვეტილებას ასობით ადამიანი გამოეხმაურა. ბევრმა პოსტი იმ მიზნით გააზიარა, რომ დასახმარებლად ხმა სხვისთვის მიეწვდინა.
სიკეთეს რომ სიკეთე მოსდევს, ეს ცხადია. გიორგის მსგავსად, გორშიც გამოთქვა ერთმა ადამიანმა სხვების დახმარების სურვილი. გიო გიგოლამაც თავისი ინიციატივა სოციალური ქსელით გაავრცელა. ის გორში ხალხს, ვისაც გადაადგილება დასჭირდება, უფასოდ მოემსახურება.
"მოგესალმებით, ვინც ხართ სოციალურად გაჭირვებული და არ გაქვთ ტაქსით გადაადგილების საშუალება. დამირეკეთ, მოგემსახურებით უფასოდ."