ვახო სანაიამ და თამუნა ყურაშვილმა ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაუკავშირეს. ვახო ჟურნალისტია, თამუნა - ექიმი. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან, ვახოს - 3 გოგონა, თამუნას კი - 2. ერთი წლის წინ წყვილს ვაჟი შეეძინა, სანი, რომელმაც ყველას ცხოვრება შეცვალა. როგორც თავად ამბობენ ხოლმე, ეს გახლავთ ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე თავისი კონსტიტუცია აქვს, დედას ცოტას ანერვიულებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი ბიჭია. რა პრობლემები აწუხებს ჟურნალისტისა და ექიმის შვილს, რატომ იყვნენ მისი კვლევებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ჩართულნი ქართველი და უცხოელი ექიმები და რა გაირკვა კონსილიუმების შემდეგ, ამის თაობაზე თამუნა mshoblebi.ge-ს გულწრფელად ესაუბრა.
- სანი ჩემი მესამე შვილია. იდეალური ორსულობა მქონდა. ახალგაზრდა მშობიარედ არ ვითვლებოდი, რადგან 39 წლის ვიყავი, როცა სანი გავაჩინე. მოგეხსენებათ, 28 წლის შემდეგ ქალი ხანდაზმულად ითვლება მშობიარობისთვის. საკეისრო ყოველგვარი გართულების გარეშე წარიმართა. იყო პლაცენტის აშრევების საშიშროება, არ გავრისკეთ და საკეისრო 38-ე კვირაზე გამიკეთეს.
- ბავშვი რა წონის დაიბადა?
- 2,600, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რადგან ექოსკოპიაზე ბევრად დიდ წონას მეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემი პირველი შვილი დაიბადა 4,200 კგ, მეორე - 3,800 (იღიმის). თანამედროვე გაიდლაინებით, 2,600 ნორმად ითვლება, 2,400-ის ქვემოთ უკვე მცირეწონიანია. სამწუხაროდ, არც ერთ შვილზე არ ვიყავი უხვრძიანი დედა და სანის შემთხვევაშიც სამშობიაროშივე მოგვიწია დამატების მიცემა. ვიცი, რომ ბუნებრივი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. 2 თვე ბავშვს სტანდარტების მიხედვით ვკვებავდით და არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივართ. ჰქონდა კარგი კი არა, ზედმეტი მატებაც კი. ღამე კარგად ეძინა და მე თუ არ გავაღვიძებდი, რომ ეჭამა, თვითონ არ იღვიძებდა. 2 თვის შემდეგ უკლო ჭამას, 90 გრამის ნაცვლად - 60 გრამს ჭამდა. მივიყვანე ექიმთან და აღმოჩნდა, რომ თუ აქამდე დღეში 40 გრამს იმატებდა, ახლა მატება მხოლოდ 15 გრამი იყო. მიზეზი საკვების სიმცირე გახლდათ, არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. ნევროლოგიურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დავიწყეთ კვლევა. პირველი იყო ახალშობილთა სკრინინგი მეტაბოლურ დარღვევაზე. ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ. შემდეგ გამოვიკვლიეთ კალიუმი, მაგნიუმი და ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება მიზეზი გამხდარიყო სანის უმადობის. პასუხები ყველაფერზე დადებითი მოგვივიდა, ანუ ყველაფერი მწყობრში იყო. ვცადეთ სხვადასხვა კალორიული კვება. არც ერთის გემო არ მოსწონდა, არ ჭამდა. ამიტომ სადიაგნოსტიკოდ დავწექით საავადმყოფოში, რომ ზონდით მიგვეცა მაღალკალორიული, სპეციალური კვება, რომლის 1 გრამში 1 კალორიაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ დაგვედგინა, მეტი კალორიის მიღება იქონიებდა თუ არა გავლენას ბავშვის წონაზე. საბოლოოდ გამოირკვა, რომ მაღალი კალორაჟის საკვების მიღებისას, მატება ჰქონდა, ანუ პრობლემა კალორაჟის ნაკლებობა იყო. 5 თვის რომ გახდა, დავუწყე ზოგადი მასაჟი, მშობლები რომ ვუკეთებთ შვილებს ზოგადი განვითარებისთვის, ამ მასაჟს ვგულისხმობ, რის შემდეგაც ბავშვი წავიდა კლებაში. აქამდე თუ ცოტას იმატებდა, მერე კლებაში წავიდა. მინუს კილოგრამებზე რომ წავედით, უკვე ძალიან შემეშინდა.