ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი მსოფლიოში ცნობილი გრანდ-მასტერების, ლილიან ტუს და რაიმონდ ლოს მოსწავლეა. ფლობს სხვადასხვა ეზოთერიკულ ცოდნას, თუმცა მისი ძირითადი მიმართულება ფენ შუია. ფენ შუის მიხედვით, სად დავდგათ ნაძვის ხე, რა ფერებით მოვრთოთ და რა ნივთები უნდა ვიქონიოთ 2021 წელს სახლში, თიკამ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე რჩევები გაგვიზიარა.
- საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. რას ურჩევთ ადამიანებს, ნაძვის ხის მორთვისას რას მიაქციონ ყურადღება, სად განათავსონ ხე და როგორ გააფორმონ, რომ ამან კეთილდღეობა მოიტანოს?
- ნაძვის ხე არ არის ფენ შუის სიმბოლო, მაგრამ მას აქვს ისეთი აქტივაციები, რომლებიც შეიძლება სასიკეთოდ გავანაწილოთ ჩვენს სახლში და მოვიზიდოთ დადებითი ენერგიები. ფენ შუის მიხედვით, სახლის ყველა სექტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა სექტორი ააქტიურებს რაღაცას. ამიტომ არის რამდენიმე სექტორი, რომელთა განათების შედეგადაც, ან საჭირო ფერების და ელემენტების გააქტიურების შედეგად მოვიზიდავთ დადებით ენერგიას. მაგალითად, ნაძვის ხის დადგმა სექტორების მიხედვით, რაც კომპასის მიმართულებით უნდა ნახოთ. სახლის ცენტრიდან უნდა გაანაწილოთ, რომელ მხარეს შეგიძლიათ დადგათ ნაძვის ხე. დეკემბრის თვეში ასეთი სექტორები არის სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი. ხოლო იანვრის თვეში ასეთი სექტორები არის დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. რომ არ ატაროთ ნაძვის ხე აქეთ-იქით, მე გავუწევდი რეკომენდაციას დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთი არის ბარაქის სექტორი. აქ იდგმება ხის სტიქიის, ანუ მწვანე, ყავისფერი, იასამნისფერი ყვავილებით, კრემისფერით მორთული ნაძვის ხე. სამხრეთ-დასავლეთი არის სიყვარულის სექტორი და არის სტიქია მიწა. აქ ცეცხლოვანი ფერები დაშვებულია და შეგიძლიათ მოსართავად გამოიყენოთ წითელი ბურთები, ყავისფერი მოსართავები, კრემისფერი და თეთრი ფერები. ცეცხლის სტიქიაში ასევე შედის ყვითელი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი.
დასავლეთი სექტორი, რომელიც დეკემბერშიც და იანვარშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არის ძალიან კარგი, მეტალის სექტორი. შეგიძლიათ დადგათ ვერცხლისფერი, თეთრი ნაძვის ხე. აქ შეგიძლიათ სხვადასვა ფერის სათამაშოების გამოყენება.
რაც ვთქვი სამხრეთ-დასავლეთზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ჩრდილო-აღმოსავლეთზე, რადგან ერთი და იგივე სტიქიაა.
ნაძვის ხის განათება შეგიძლიათ მხოლოდ დასავლეთ სექტორში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორში და ჩრდილო-დასავლეთ სექტორში. თუ ნაძვის ხეს არ დადგამთ ამ სექტორში, შეგიძლიათ უბრალოდ განათებით, გირლანდებით გააფორმოთ, რომელიც ძალიან კარგად გაააქტიურებს თქვენს სახლს და მოიზიდავს პოზიტივს.
ჩრდილო-დასავლეთი სექტორი არის დამხმარე ძალა და აქ გააქტიურდება დამხმარე ადამიანების საქმეებში წარმატება. ხოლო დასავლეთი სექტორი არის შემოქმედება, წარმატება და ის ბავშვების სექტორადაც ითვლება. ძალიან კარგია ეს სექტორი, გაძლიერდება ფინანსური კეთილდღეობა. ასევე ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან აქტიურდება ფინანსები. ჩრდილო-აღმოსავლეთი არის სიბრძნე, განვითარება, სწავლის სექტორი. აქაც ისეთი ვარსკვლავები აქტიურდება, როგორებიც არის ფულადი შემოდინება, კარიერული წარმატება, კეთილდღეობა.