"დედა თანხის სანაცვლოდ დროებით ათხოვებდა შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე" - სუროგაცია ქართულ სოფლებში - Marao

"დედა თანხის სანაცვლოდ დროებით ათხოვებდა შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე" - სუროგაცია ქართულ სოფლებში

2020-12-23 20:44:52+04:00


ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, კარგია თუ ცუდი სუროგატი დედობა და საერთოდ, უშვილოებისთვის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა. რელიგიურად, ზნეობრივად თუ სხვა მრავალი კუთხით, სუროგატ დედებს ბევრი განიკითხავს და იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს დასავლეთის მიერ თავს მოხვეული საშინელებაა, რომელიც უნდა უკუვაგდოთ.

დავინტერესდით, როგორ აგვარებდნენ უშვილობის პრობლემას საქართველოში, უჩენდნენ თუ არა უშვილო წყვილებს ბავშვებს სხვა ქალები. ასეთი ამბები ყურმოკვრით გაგვიგონია, მაგრამ ვეცადეთ მოგვეძებნა ასეთი ფაქტების ცოცხალი მოწმე.

ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია, საქართველოს სოფლები ხომ არაერთ საიდუმლოს ინახავს. სოფლად თითქმის არაფერი იმალება, ყველამ ყველაფერი იცის; უბრალოდ, დუმილს ინარჩუნებენ.

ამ ისტორიების გახსენებით არავის გაკიცხვა ან მხილება არ გვინდა. ამიტომ არ ვასახელებთ სოფლისა და მოქმედ პირთა სახელებს. ჩათვალეთ, რომ ეს უბრალოდ ამბავია, რომელიც წლების წინ მოხდა და გაგრძელებაც არ ექნება.

ჩვენი რესპონდენტი ხნიერი ქალია, მთელი ცხოვრება მთაში ცხოვრობს და ბევრი მსგავსი ამბავი გაუგონია. რედაქტირებული სახით გთავაზობთ მის ნაამბობს:

"ამ ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. ჩემს ახალგაზრდობაშიც, რასაკვირველია, იყვნენ უშვილო წყვილები და ამ პრობლემას მაშინ სხვადასხვანაირად აგვარებდნენ. ამდენი გამოკვლევა და ტექნიკა სად იყო, ან კაცს ვინ მიიყვანდა ექიმთან გასასინჯად. ჰოდა, თუ შვილი არ გაუჩნდებოდა წყვილს, დამნაშავედ მაშინვე ქალს გამოაცხადებდნენ.

ბევრი ოჯახი დანგრეულა ამის გამო – უშვილო ქალი სახლიდან გაუშვიათ, თუმცა ისეც მომხდარა, კაცს არც მეორე ცოლთან გასჩენია შვილი და უშვილობის მთავარი მიზეზიც გამოაშკარავებულა. თუმცა, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდა და ოჯახის დანგრევა არ სურდათ, მაშინ სხვა გზას მიმართავდნენ. სწორედ ამ "სხვა გზაზე" მინდა გიამბოთ.

პირველი და ყველაზე გავრცელებული, რასაკვირველია, შვილის აყვანა გახლდათ. ამ საქმეს ხშირად მამაკაცები აგვარებდნენ – რუსეთში ან რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში მიდიოდნენ და იქ უბრალოდ, ყიდულობდნენ ჩვილებს და ჩამოჰყავდათ. ეს ყველაზე უსაფრთხო გზად მიაჩნდათ, რადგან ბავშვს მომკითხავი აღარ გამოუჩნდებოდა და ნაკლები ნერვიულობა ელოდათ მომავალში. ვინც ამაზე ნაკლებად ღელავდა ან სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება არ ჰქონდა, ის საქართველოშივე ყიდულობდა პატარას – მრავალშვილიანი ოჯახებისგან ან ისეთ ოჯახებში, სადაც ბევრი ჰყავდათ ერთი სქესის შვილი (ძირითადად, გოგო) და აღარ უნდოდათ (დიახ, ასეთი რამეებიც ხდებოდა). ან კიდევ, უკანონოდ თუ ჩნდებოდა პატარა, მასაც, უმრავლეს შემთხვევაში, გაშვილება ელოდა.

განაგრძეთ კითხვა