"იყო და არა იყო რა“ - ეს არის ფრაზა, რომელიც გვამზადებს ზღაპრულ სამყაროში მოსახვედრად. შემდეგ კი, წარმოსახვით მთლიანად შევდივართ ამ სამყაროში... როცა მხატვარ თამთა ელბაქიძის ნამუშევრებს შეავლებ თვალს, წარმოსახვა აღარ გჭირდება, თითქოს სამყარო, რომელსაც სხვა დროს უბრალოდ წარმოიდგენდი, აქ არის, გამზადებულია შენთვის...
- თამთა, პირველ რიგში, ვინ არიან თილიები, საიდან მოვიდნენ?
- თილიები ზღაპრის გმირები არიან. ვიდრე სახელს დავარქმევდი, ჩემს წარმოსახვაში სულ იყვნენ, როცა ფანქარს ან ფუნჯს ვიღებდი ხელში, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა ადრე, თითქოს ყოველთვის მათი დახატვა მინდოდა. უბრალოდ, მანამდე ზუსტად არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ისინი, ვისი დახატვის სურვილიც მქონდა.
- სახელი - თილია, რაიმე მოვლენასთანაა დაკავშირებული?
- არა. როცა დავიწყე მათი ხატვა, თავიდან არც მიფიქრია, რომ სახელს დავარქმევდი. ერთხელ მკითხეს, რას ხატავო და მაშინ მივხვდი, რომ პასუხი არ მქონდა, მერე რა, რომ ფრთები აქვთ, ისინი არ არიან კლასიკური ანგელოზები. ამიტომ დავიწყე სახელზე ფიქრი, არ ვიცი, ეს სიტყვა საიდან მოვიდა, ვუყურებდი ნახატს და თავისით ამოტივტივდა სიტყვა - თილია. მაშინვე ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა.
- პანდემიის დროს დაიწყე ხატვა, ჩაკეტილობამ განაპირობა ეს?
- არა, დაემთხვა... ხატვასთან ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია ტანსაცმლის დიზაინის განხრით. პერიოდულად ვმუშაობდი კიდეც სხვადასხვა ადგილას ამ პროფესიით. შემდეგ ოჯახი შევქმენი, ორი შვილი გავზარდე, ის წლები სრულიად გადართული ვიყავი მათზე, თითქოს არც მახსენდებოდა ხატვა. ახლა უკვე გაიზარდნენ, ერთი 16 წლისაა, მეორე -10 წლის. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში და ამ ფიქრში სწორედ ხატვის სურვილი დაბრუნდა ისევ...
.
- "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" გვერდების შექმნის მიზანი ნახატების რეალიზაცია იყო?
- არა. როცა თავიდან დავხატე, ჩემს მეუღლეს მოეწონა, გადაიღო ფოტო და გამოაქვეყნა თავის პირად "ფეისბუქგვერდზე", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ უკვე მე მწერდნენ, მირჩევდნენ სოციალურ ქსელში გამოჩენას, რომ უფრო მეტ ადამიანს ენახა ნახატები. გვერდების გაკეთების შემდეგ კი უკვე იქ მწერდნენ სრულიად უცხო ადამიანები და ასე დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. შემდეგ სოცქსელებში ჩემი გვერდების სახელზე მიდგა საქმე. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი სივრცე ყოფილიყო და დავარქვი "თამთას სივრცე", Tamta’s space/თამთას სივრცე -"ფეისბუქზე", "ინსტაგრამზე" კი - Tamtasspace
- გამოფენის გაკეთება არ გიფიქრია?
- ზოგადად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით ალბათ, - არა. დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საკითხს, მინდა, რომ ამისთვის კარგად მოვემზადო.
იხილეთ სრულად