"რუსეთში ყველა მეხმარებოდა, რომ ჩემი კარიერა წინ წასულიყო, უყვართ ქართველები" - ვინ არის თამარ ქუტიძე, რომლის სიმღერებს საქართველოში უამრავი ადამიანი უსმენს - Marao
გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა იმ სიმღერების ათეული, რომელსაც იუთუბზე საქართველოში ყველაზე ხშირად უსმენდნენ. მეორე ადგილზე გავიდა თამარ ქუტიძის რუსულენოვანი სიმღერა Докурю и брошу. ქართველ მომღერალს სამშობლოში არ იცნობენ, თუმცა თამარას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც აფხაზეთიდან მოდის...
Ambebi.ge პირველი მედია აღმოჩნდა, სადაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა. ამბობს, რომ თავს ყველაზე ბედნიერად საქართველოში გრძნობს.
აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში დავიბადე. დედა თავის დროზე ოზურგეთში გათხოვდა, მამა იქიდან არის, მაგრამ აფხაზეთში ვცხოვრობდით. ორი წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ქალაქი დავტოვეთ და საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვედით. თან წამოვიყვანეთ დედას მშობლები. ისინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ორი წელი ვსწავლობდი ოზურგეთის სკოლაში, თან მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც დედამ შეამჩნია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად და მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობდი.
- თქვენი პირველი სიმღერა რომ გაიხსენოთ, რომლითაც საზოგადოებაში გამოჩნდით?
- რუსეთში ბევრ კონკურსებზე გამოვდიოდი, ხშირად პირველ ადგილზე გავდიოდი. პირველი ჩემი სიმღერა იყო Саундтрек моей жизни, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი კომპლიმენტი მივიღე ქართველებისგან. შემდეგი სიმღერა, რომელსაც ძლაიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იყო Докурю и брошу.
- მუდმივი საცხოვრებელი რომელ ქვეყანაში გაქვთ?
- დაოჯახებული ვარ, ჩემი მეუღლე ებრაელია. ურთიერთობა გვქონდა დიდი ხანი და შემდეგ დავქორწინდით. ჯერჯერობით შვილი არ გვყავს, მაგრამ დიდ, ლამაზ ოჯახზე ვოცნებობ. მეუღლე ჩემი პროდიუსერია და ყველანაირად მიწყობს ხელს. სამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ისრაელში, რუსეთს და საქართველოში.
- ქართულად არ მღერით?
- ახლა ვიწყებ ალბომზე მუშაობას, სადაც ვიმღერებ, რუსულ, ქართულ და ინგლისურენოვან სიმღერებს.