მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სულ უფრო მეტს საუბრობენ ძველებური ცხოვრების დაბრუნების, ეკონომიკის გახსნის, შეზღუდვების შემსუბუქების და რა თქმა უნდა, მოგზაურობის შესაძლებლობაზე.
ამ კონტექსტში კი საუბარია ე.წ. კოვიდპასპორტის ან "მწვანე პასპორტის“ შემოღებაზე, რომელიც კოვიდზე აცრილ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობას გაუხსნის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მისი გამოყენება, ზოგიც ამავე წლის ზაფხულისთვის გეგმავს.
რა არის "მწვანე პასპორტი“?
ეს არის იმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ პირს კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული აქვს. მისი ფლობის აუცილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, იმაზე უფრო მალე შეიძლება გახდეს საჭირო, ვიდრე მოლოდინი იყო.
მაგალითად, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მხარი დაუჭირეს "ციფრული მწვანე სერტიფიკატის“ დანერგვას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ასევე ზოგიერთმა არაწევრმა სახელმწიფომ წარადგინა გეგმა კოვიდვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოღების შესახებ.
ევროკავშირის ლიდერებმა ამ საკითხზე იურიდიული და ტექნიკური მუშაობის გაგრძელება მოითხოვეს. არსებული გეგმის მიხედვით, ზაფხულისთვის უკვე უნდა არსებობდეს კოვიდპასპორტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ვერ მოესწროს, რადგანაც ზაფხულამდე მცირე დროა დარჩენილი.
სერტიფიკატი იქნება ფურცელზე ან ციფრული სახით და ის საშუალებას მისცემს ყველას, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული ან ახლახან გამოჯანმრთელდა კოვიდისგან, იმოგზაუროს ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში. ევროკავშირს ასევე სურს, რომ ყოველივეში ჩაერთონ არაწევრი ქვეყნებიც, როგორებიცაა ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია.
ციფრული სერტიფიკატის გასაღები არის QR კოდი, რომელზეც დაშიფრულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ვაქცინაციის შესახებ პერსონალური მონაცემები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.
ამასთან, იგეგმება შესაბამისი სამუშაოები და მოლაპარაკებების წარმართვა, რათა სერტიფიკატი აღიარებულ იქნას ევროკავშირის მიღმა, სხვა ქვეყნებშიც.
ვნახოთ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც "კოვიდპასპორტს" შიდა დონეზე იყენებენ ან გეგმავენ მის შემოღებას:
დანია
Coronapas - ასე უწოდებენ დანიაში "კოვიდპასპორტს", რომლის დანერგვასაც შიდა დონეზე აღდგომის შემდეგ გეგმავენ. ხოლო მოგვიანებით, დიდი ალბათობით, ის გახდება საერთაშორისო მოგზაურობის ინსტრუმენტი.
ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, დანიაში უკვე არსებობს ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა და გეგმის მიხედვით, "კოვიდპასპორტიც" მასში იქნება ინტეგრირებული.
იხილეთ სრულად