კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმა, პრინცმა უილიმმა და პრინცმა ჰარიმ დედის, ლედი დაიანას საქორწინო კაბა დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას, Historic Royal Palaces-ს გადასცეს. ორგანიზაცია გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე სასახლეს, მათ შორის, ლონდონის კოშკს, ჰემპტონისა და კენსინგტონის სასახლეებს მართავს. სწორედ ეს უკანასკნელი უმასპიძლებს გამოფენას, სადაც პრინცესა დაიანას საქორიწნო კაბის ნახვა დამთვალიერებელს 2021 წლის 3 ივნისიდან 2022 წლის 2 იანვრის ჩათვლით შეეძლება.
პრინცესა დაიანამ პრინც ჩარლზიზე 1981 წლის 29 ივლისს ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში იქორწინა. ცერემონიას 3 500-მდე ადამიანი ესწრებოდა, ხოლო დისტანციურად, მსოფლიოს მასშტაბით 74 ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. პრინცესა დაიანას საქორწინო კაბა დევიდ და ლიზაბეტ ემანუელების დიზაინით შეიქმნა. კაბა სპილოსძვლისფერი ნაჭრითა და დიდი, განიერი მკლავებით ამ დღის შემდეგ ბევრისთვის გახდა საკულტო. ცნობილი სილუეტის, მჭიდრო კორსეტისა და მკვეთრი ფორმების გამოსაყვანად ტულის ნაჭერი და 10 000 მარგალიტია გამოყენებული, რაც მას განსაკუთრებით თვალისმომჭრელს ხდის. ცნობილია, რომ კაბის უკანა მხარეს დატანილი ანტიკვარული მაქმანი თავდაპირველად პრინც ჩარლზის დიდ ბებიას ეკუთვნოდა.
პრინცესა დაიანას საქორწინო კაბა კენსინგტონის სასახლეში ბოლოს 1995 წელს გამოჩნდა, შემდეგ კი მის ბავშვობის სახლში, ალთჰორპში ინახებოდა. გამოფენის კურატორმა, მეთიუ სთრეიმ თქვა, რომ წლების შემეგ ლედი დაიანას კაბის გამოფენა მოდის გულშემატკივრებისთვის დიდი სურპრიზი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ამ გამოფენაზე შესაძლებელი გახდება რამდენიმე აქამდე უცნობი ნივთის ხილვაც, მათ შორის, დედოფალი ელიზაბეტის კორონაციისთვის 1937 წელს შექმნილი და შემთხვევით გადარჩენილი ვუალი. ვუალი ლოდონელი დიზაინერის, მადამ ჰენდლი-სეიმურის მიერაა შექმნილი და მასზე დატანილია ეროვნული ემბლემები, როგორც უწყვეტობისა დამარადიულობის სიმბოლო.
პრინცესა დაიანას სტილი მოდის ექსპერტების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. მის ჩაცმულობას გულმოდგინედ აკვირდებოდნენ გულშემატკივრებიც. ლედი დაიანას გარდაცვალების შემდეგ მისი რამდენიმე კაბა აუციონზე გაიტანეს. მარტში, სასექსის ჰერცოგიანიას, მეგან მარკლს კი ოპრა უინფრის შოუში სტუმრობისას სწორედ ლედი დაიანას სამაჯური ეკეთა.