ავღანელი ქალები ქალწულობის იძულებით შემოწმების წინააღმდეგ გამოდიან - Marao

ავღანელი ქალები ქალწულობის იძულებით შემოწმების წინააღმდეგ გამოდიან

2021-05-27 19:23:30+04:00


არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია Fuller Project-ი, რომელიც ქალებთან დაკავშირებულ გლობალურ თემებს აშუქებს, ავღანელი ქალების პროტესტზე წერს და ერთ-ერთი მათგანის, ნილოფარის ისტორიას აზიარებს. ნილოფარს ქალწულობის ტესტირების გავლა მოუწია, რადგან ის პოლიციამ დააკავა და სამედიცინო მაგიდაზე იძულებით აღმოჩნდა. „მოდი, ვნახოთ, რა ჩაიდინე“ - ამ სიტყვებით მიმართა მას ექიმმა.

ნილოფარმა არ იცის, რამდენი წლისაა, თუმცა ასაკი არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი, გამოეხატა საკუთარი პროტესტი ამ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ნილოფარმა სოციალური ქსელის მეშვეობით კაცი გაიცნო, რომელიც სინამდვილეში 13 წლის ბიჭი აღმოჩნდა. ამის შესახებ ნილოფარმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც საკუთარი საცხოვრებელი მიატოვა და საყვარელ ადამიანთან გაიქცა. იქ მისულს, ბიჭის მამა აგრესიით შეხვდა და მასზე სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი პოლიციაში განაცხადა, რომ ნიროფარს მის არასრულწლოვან შვილთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. პოლიციამ ქალს ზნეობრივ დანაშაულში დასდო ბრალი და ის ციხეში მოათავსეს. ნილოფარის მსგავსად, ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირისთვის, ავღანეთში ყოველწლიურად ათასობით ქალი ხვდება გისოსებს მიღმა. მათი უმრავლესობა კი საქალწულე აპკის იძულებით შემოწმებას გადის. ამგვარი ტესტირება ქალს შეიძლება პოლიციის, ოჯახის წევრების ან მომავალი ქმრის მოთხოვნითაც ჩაუტარდეს.

ავღანელი ქალები დიდი ხანია, რაც საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან და მათ არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ. მაგალითად, 2009 წელს მიღებული კანონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიღებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხდება კანონის აღსრულება. ნილოფარის უფლებადამცველი 27 წლის მოჰსენა სადათი ქალწულობის იძულებით შემოწმებას წამებას უწოდებს და მას მიუღებლად მიიჩნევს.

2017 წელს ავღანელი ქალების პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო, რამაც ქვეყნის პრეზიდენტი აიძულა, გაეტარებინა ღონისძიბები ქალწულობის იძულებითი შემოწმების აკრძალვისთვის, თუმცა პარლამენტმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა. პროტესტს ავღანელი ქალების უფლებადამცველი აქტივისტები Marie Stopes International-დან, Medica Afghanistan-დან და the Afghan Independent Human Rights Commission (AIHRC)-დანაც შეუერთდნენ. ერთობლივმა მუშაობამ კი მათ კიდევ ერთი წარმატება მოუტანა - 2018 წელს ავღანეთმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და იძულებითი შემოწმება აკრძალა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას სასამართლო გადაწყვეტს ან როცა ქალი თავად იქნება თანახმა.

მსგავსი პრობლემა მხოლოდ ავღანეთში არ დგას, ინდონეზიაში, ერაყში, სირიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები წინა პლანზეა წამოწეული, ქალები ამ მანკიერი პრაქტის მსხვერპლნი ყოველდღიურად ხდებიან და ეს პროცესი ზოგჯერ ფატალურად, სიკვდილითაც კი მთავრდება.

ავღანეთში ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა. უფლებადამცველები ითხოვენ, საერთოდ გაუქმდეს ქალწულობის იძულებით შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ნილოფარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქორწინა და ცხოვრების გაგრძელება შეძლო, აქტივისტების განცხადებით, დაუშვებელია, უამრავი ქალის სიცოცხლე და ფსიქიკა ამ დანაშაულებრივ ქმედებას ეწირებოდეს.