მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერებს შორის ხშირად ასახელებენ ხოლმე სტალინსაც. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ მოსაზრებები და შეხედულებები არაერთგვაროვანია, მისი ცხოვრების დეტალები ბევრისთვის კვლავ ამოუცნობი და საინტერესოა.
ცოტამ თუ იცის, რომ იოსებ სტალინის ისტორიაში საიდუმლო სიყვარულიც არსებობდა. მომღერალი ქალი, რომელიც დიდი თეატრის სცენაზე მღეროდა, სტალინის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 1994 წელს გამოქვეყნდა ლეონარდ გენდლინის მოგონებები ვერა დავიდოვისა და სტალინის სიყვარულის შესახებ და ამან უამრავი ადამიანის გაოცება გამოიწვია. ამბობდნენ იმასაც, რომ ეს მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაწილი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინტერესი სტალინის ფარული სიყვარულის შესახებ არ ცხრებოდა.
ამის ამბის შესახებ დაიწერა ბიოგრაფიული რომანი „ზღაპრული ქართველი“, სადაც დეტალურადაა გადმოცემული სტალინისა და დავიდოვას ურთიერთობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პიესა დოკუმენტური არ არის, მასში უამრავ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ. ნაწარმოები თეატრის სცენაზეც გაცოცხლდა: „სტალინთან ახლო ურთიერთობა 19 წლის განმავლობაში მქონდა, ვიცოდი, რომ მას ვუყვარდი და ყოველ ჩვენს შეხვედრას მოუთმენლად ველოდი“ - ამბობს სპექტაკლში ვერას როლის შემსრულებელი.
ვერა დავიდოვი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. 18 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალები სიმღერაში მოესინჯა და მშობლების დახმარების გარეშე მიეღწია წარმატებისთვის. მისი ნიჭი მალევე შეამჩნიეს და ის კონსერვატორიაშიც ჩაირიცხა. 26 წლის ასაკში ვერა უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ის შესანიშნავად ასრულებდა როლებს აიდასა და კარმენში. ერთ-ერთ წარმოადგენას თავად სტალინიც ესწრებოდა და, ცხადია, მსახიობები, მათ შორის ვერაც, ძალიან ნერვიულობდნენ. სპექტაკლის შემდეგ სტალინმა რჩეულს პირადად უთხრა კომპლიმენტი: „გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას, ამხანაგო დავიდოვა“.
წარმოდგენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე ხმამაღლა გამოაცხადეს, რომ ვერა მოსკოვში გადადიოდა საცხოვრებლად ისე, რომ აზრი მისთვის არავის უკითხავს. ერთი თვის შემდეგ ის მართლაც გადასახლდა დედაქალაქში. მოგვიანებით ვერა სოლისტად დაინიშნა და სამჯერ გხდა სტალინის პრემიის ლაურეატი. მიუხედავად იმისა, რომ ვერა ქართველ კაცზე, დიმიტრი მჭელიძეზე იყო დაქორწინებული, მას მუდმივად ხვდებოდა ყვავილების თაიგულები საგრიმიოროში. ერთ დღესაც, ახალ წელს გამართული წარმოდგენის შემდეგ, მას თეატრის დატოვება და მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს, ვერა უსტყვოდ დაემორჩილა მოთხოვნას, მანქანამ კი ის სტალინის ბინაში მიიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო მათი 19-წლიანი ურთიერთობა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ.