17 წლის ემამ Pfizer-ის პირველი დოზა ორი კვირის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მკერდის ზომა შესამჩნევად გაიზარდა: „ძალიან უცნაური იყო, როცა ბიუსტჰალტერის მორგება ვეღარ შევძელი“ - იხსენებს ემა.
როგორც აღმოჩნდა, ემა ერთადერთი არ არის, ვისაც ეს უცნაურობა შეემთხვა. ვაქცინაციისა და მკერდის ზომის ცვლილების შესახებ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. „როცა ვიდეოს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, დამატებით მოვძებნე ინფორმაცია და გავიგე, რომ აშშ-შიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები“ - განმარტავს ემა.
როგორც ნორდლენდის (ნორვეგია) მკერდის დიაგნოსტიკური ცენტრის მთავარი ექიმი ჰაინრიხ ბექმანი ამბობს, ლიმფური კვანძების ზომაში ზრდა უფრო მეტად იმ მხარეს შეინიშნება, სადაც ვაქცინა კეთდება. ის ასევე აზუსტებს, რომ ეს ორგანიზმის რეაქციაა უცხო ნივთიერებაზე და ეფექტი მხოლოდ დროებითია. რამდენიმე კვირის შემდეგ მკერდი ჩვეულ ზომას დაუბრუნდება.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ საქმე რაიმე განსაკუთრებულ მოვლენასთან არ გვაქვს. მკერდის ზომის ზრდის მიზეზი ლიმფური კვანძების შეშუპება ხდება. ქალებს კი ურჩევენ, რომ ვაქცინაციამდე ოთხი კვირით ადრე ჩაიტარონ მამოგრაფია და გამოიკვლიონ, ხომ არ აწუხებთ რაიმე პრობლემა.
ექიმი სტეინარ მადსენი განმარტავს, რომ სოციალური ქსელი, განსაკუთრებით კი, Tik-Tok-ი, უამრავი ჭორის წყარო შეიძლება გახდეს. ყველაზე გავრცელებული მითი ვაქცინაციის შესახებ ისაა, რომ დოზის მიღების შემდეგ ადამიანი მაგნიტური ხდება: „ცხადია, ეს სისულელეა და შეუძლებელია, ადამიანი ვაქცინამ მაგნიტური გახადოს. შეშფოთების მიზეზს არც მკერდის ზრდის ტენდენცია იძლევა, თუ, რა თქმა უნდა, ეს სხვა სერიოზული პრობლემით არ არის გამოწვეული“ - განმარტავს მადსენი.