ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ის საკუთარი მდგომარეობის შესახებ „ინსტაგრამსთორიში“ საუბრობს და გამოცდილებას გამომწერებსაც უზიარებს: „როგორც იცით, მესტუმრა კოვიდი. დღეს არის მეექვსე დღე და აუცილებლად მინდა გითხრათ, ვინც არ ხართ აცრილები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით აიცრებით, მთავარია, რომ არ დაინფიცირდეთ. მეც ასე ვიყავი განწყობილი, რომ მერე რა?! გადავიტან, იმუნიტეტი უფრო კარგი მექნება, მაგრამ ასე არ არის, დამიჯერეთ. გუშინ იყო მეხუთე დღე და ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი. ავყევი პანიკას, ხელები და ფეხები დამიბუჟდა, ყურები დამიგუბდა, თავის ძალიან ძლიერი ტკივილი მქონდა. ყველაზე საგანგაშო ის იყო, რომ გული მიმდიოდა და ვერაფერს ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თავს. ვინც არ ხართ აცრილები ჯერ, სასწრაფო წესით უნდა გაიკეთოთ აცრა. მე როცა დავრეგისტრირდი პირველად და მივედი, შევავსე ტესტი და მითხრეს, რომ ვარ ალერგიული. აუცილებლად უნდა გამეკეთებინა გამოკვლევა და შემდეგ გამიკეთებდნენ აცრას. გადავდე და ისეთ დროს მივედი გამოსაკვლევად, რომ სანამ პასუხები იქნებოდა, მანამდე დავინფიცირდი. არ გადადოთ ჩემსავით“ - ამბობს სალომე შარვაძე.
როგორც ჩანს, ასევე იზოლაციაში მყოფი ნანუკა გულუა ცდილობს მეგობრის, სალომე შარვაძის გამხიარულებას და მის სახლთან ყვავილებით მივიდა. ისინი დისტანციის დაცვით, შორიდან ესაუბრებიან ერთმანეთს და სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებსაც აქვეყნებენ.
სალომე შარვაძეს განსაკუთრებული წარმატება და პოპულარობა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ მოუტანა, სადაც ის ქეთის როლს ასრულებს. მსახიობობის პარალელურად, ის ტელეწამყვანის ამპლუასაც ირგებს და სამ თანაწამყვანთან ერთად გადაცემა „ქალებს“ უძღვება. სალომე შარვაძეს მეუღლე, მამუკა არველაძე და ერთი შვილი, მართა ჰყავს.