თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად, თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით სოციალურ ქსელებში ე.წ. ფილტრების გამოყენებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, თავად ფოტოებსა და ვიდეოებს ბუნებრივად, შელამაზების გარეშე აქვეყნებს და გამომწერებსაც აძლევს რჩევებს, როგორ უნდა გაუსწორონ თვალი რეალობას: „გავხდე უკეთესი „მე“, ალბათ, არ გულისხმობს ფილტრების გამოყენებას. ამ ფოტოდან 12 წელია გასული. მაშინაც მეგონა, რომ უამრავი ხარვეზი და პრობლემა მქონდა ვიზუალურად. არავის ჭკუას არ ვასწავლი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დროსთან ერთად ვიცვლებით და ეს არის კარგი, ჯანსაღი, სასურველი და რეალისტურიც. ყველას გვაქვს მუწუკის და ნაოჭის დარდები, მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია“ - წერს ტელეწამყვანი.
როგორც ჩანს, თიკას მოწოდებები დადებითად მოქმედებს მის გამომწერებზეც, განსაკუთრებით კი, თინეიჯერებზე. სწორედ ერთ-ერთი მათგანის წერილს აქვეყნებს თიკა ფაცაცია „ინსტაგრამსთორიში“: „თიკა, ძალიან დიდ მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ფილტრების გარეშე დებ ფოტოებს. როცა სოციალურ ქსელში ფილტრებით გადაღებულ ამდენ ფოტოს ვხედავდი, ვკომპლექსდებოდი საკუთარი ვიზუალით, განსაკუთრებით, სახის კანით. შენი ფოტოების ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უნდა ვიყოთ ის, რაც ვართ და მადლობა კიდევ ერთხელ. ჯერჯერობით ვერ ვბედავ, მეც შევუერთდე შენს კამპანიას, მაგრამ, იმედია, მალე დავძლევ საკუთარ კომპლექსებს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, თიკა ფაცაცია თავად უარს ამბობს „ფილტრებზე“ და მის მოწოდებას რეალური ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შესახებ მისი არერთი მეგობარი, გამომწერი თუ ცნობილი სახე შეუერთდა.