ზაფხული - იდეალური პერიოდია, როდესაც შეგიძლია აინაზღაურო დანაკლისი და საკუთარი თავისთვის რაღაც ახალი აღმოაჩინო, დაისვენო და ახალი ძალებით დაიმუხტო. ზაფხული - თბილი დღეების, რომანტიკული საღამოების, ვარსკვლავების ქვეშ სეირნობის და რა თქმა უნდა, ნანატრი შვებულების დროა.
რა შეიძლება იყოს ასეთ დროს საზაფხულო განწყობის წიგნებზე უკეთესი? სიყვარულით და ემოციით სავსე ისტორიები, რომლებიც თავს მარტოდ არ გაგრძნობინებთ და თქვენს დასვენებას სრულყოფილს გახდის.
რა წავიკითხოთ? - ეს კითხვა ადამიანთა უმრავლესობას ყოველ ზაფხულს აწუხებს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე წიგნი, რომლებსაც გაიყოლებთ დასასვენებლად და სიამოვნებით წაიკითხავთ მთაში, სოფელსა თუ ზღვაზე.
უოლტერ ტევისის რომანი „ლაზიერის გამბიტი“ წლის ბესტსელერი წიგნია. ამ საინტერესო წიგნს 2020 წელს NETFLIX-მა ამავე სახელწოდების მინი-სერიალში შეასხა ხორცი და მაყურებლისა თუ კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“.
ფაბულა: წიგნი მოგვითხრობს ვუნდერკინდი მოჭადრაკე გოგონას - ბეტ ჰარმონის ცხოვრებას, რომელიც ბავშვთა სახლიდან იწყება. მის ბრძოლას ტრანკვილიზატორებთან და ალკოჰოლურ დამოკიდებულებასთან, და რა თქმა უნდა, მის ტრიუმფალურ გამარჯვებას გროსმაისტერის ტიტულისთვის.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა იცოდეს? კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. მის ლექციებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემას, ბიბლიური ისტორიებიდან დაწყებული, რომანტიკული ურთიერთობებით, მითოლოგიითა თუ თანამედროვე მაგალითებით გაგრძელებული, ათიათასობით მსმენელი ჰყავს.
ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ. ”ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტიდოტია.
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი-ანტიუტოპია, ჯორჯ ორუელის წიგნი - გაფრთხილება და ამავდროულად, სასოწარკვეთაა ადამიანის მომავლის გამო. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან. რომანი პირველად 1949 წელს გამოიცა და ანტიუტოპიის ერთ-ერთ ნიმუშად ითვლება. წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნეზე და მსოფლიოს ბევრი „საკვები“ მისცა სააზროვნოდ. ავტორი საკუთარი რომანის პირველი პუბლიკაციიდან ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა.
ფაბულა: უინსტონ სმიტი წიგნის მთავარი გმირი, 39 წლის მამაკაცია. დაიბადა ლონდონში 1944 ან 1945 წლებში - ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია. მცირე ასაკიდან ის მუშაობდა სიმართლის სამინისტროში, დოკუმენტაციის განყოფილებაში: მისი მოვალეობები მოიცავს განმარტებების გაკეთებას დოკუმენტებში, რომლებიც შეიცავს ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება პარტიულ პროპაგანდას. გარეგნულად უინსტონი თავს იჩენს პარტიული იდეების მიმდევრად, ხოლო გულში მას სძულს ისინი.
ქართველებს ბასკებსა და კორსიკელებს გვამსგავსებენ. საკმარისია, ჩვენ შორის ამა თუ იმ მსგავსებაზე ჩამოვარდეს სიტყვა, უცნაურად გავხალისდებით ხოლმე. არამხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, როგორც ჩანს, მარტოობის ერებსაც ეშინიათ. ერსაც სჭირდება რწმენა, რომ ვიღაც ჰგავს. ჰოდა, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ქართველები და ნიგერიელებიც ვგავართ ერთმანეთს? წარმოიდგენდით, რომ სადღაც, აფრიკის კონტინენტზე ადამიანები ზუსტად ჩვენსავით ცდილობენ თავი დააღწიონ ჩარჩოებს ან შეინარჩუნონ ჩარჩოები, რომლებიც თავად დაუდგენიათ, როგორც ჩვენ? წარმოიდგენდით, რომ ნიგერიაში, იქ, სადაც რწმენა მეტ სიჭრელეს იტანს, სინამდვილეში, ღმერთი ჩვენსავით სწამთ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სურთ სამშობლოდან გადახვეწილ ახალგაზრდა გულდაკოდილ ნიგერიელებსა და სხვა აფრიკელებს? მათ სურთ გაჯანსაღებული იხილონ თავიანთი მიწა. რასიზმი რასისტების გარეშე წარმოგიდგენიათ? რა შეიძლება აწუხებდეს ახალგაზრდა ნიგერიელ ქალს? რა უნდა ტანჯავდეს ნიგერიელ მამაკაცს? ყველა განსაცდელის წამალს რა ჰქვია, იცით? - სუფთა გული, იგბოს ენაზე, ობიოჩა.
ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები. ტრადიციების საბრძანებელი - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით შემოვლილი მისი ლაბირინთები. მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორიას ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“ წაიკითხავთ.
წიგნის ავტორი თინათინ ბერიძე - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულია. „მოპარული სიყვარული“ არის რომანი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.