სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, საჭიროებს თუ არა ზვიადაური კლინიკაში გადაყვანას და იქ მკურნალობას.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, სამედიცინო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ველოდებით სამედიცინო დასკვნას. ამის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის სტრატეგია. შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს, შეიძლება არ დასჭირდეს, დასკვნას ველოდებით. არ გამოვრიცხავ, რომ დასჭირდეს. დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მისმა მეგობრებმა "თბილისელებთან" ინტერვიუში ზვიადაურთან დაკავშირებული ამბები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ის ძალიან მოკრძალებული ადამიანია.
დავით ავალიშვილი (მეგობარი):
“ზურა არასოდეს გიღალატებს, ეს გამორიცხულია. თუ ვინმემ უღალატა, გაშორდება. შეიძლება აღარ მიიკაროს, მაგრამ ბოროტება და შურისძიება ნაღდად არ ახასიათებს. საუკეთესო მეგობარია მანამდე, თუ ბოდიში და, ზედ არ დააფურთხე.
17 წელი ოცნებობდნენ ცოლი და ქმარი შვილზე. ზურას ბავშვები სიგიჟემდე უყვარს. ისეთი გახარებული იყო, ვერც წარმოიდგენთ. რამდენიმე თვის წინ მე ვუთხარი: ზურა, სიზმარში ვნახე, რომ შენი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ბავშვი შეგეძინებათ-მეთქი. ძალიან გაუხარდა, მაგრამ არ დაიჯერა. ყველა ეკლესია-მონასტერი შემოვლილი ჰქონდათ, ლოცულობდნენ. ბოლოს ზურას ცოტა იმედი გადაეწურა და დალევაც დაიწყო. ნერვიულობდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ. ახლობლები საერთოდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ, რადგან მათთვის მძიმე მომენტი იყო. ცაში ფრინავდა სიხარულით, როცა გაიგო, რომ ამდენწლიანი ნატვრის შემდეგ მამა გახდებოდა. უფრო კეთილი გახდა, სახლის შენებას შეუდგა – ხევსურეთში უნდა დავახვედროო.
15 რიცხვში ვიდეოზარით დიდხანს ვისაუბრეთ. მაგარ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა. აივანზე ორი ყანწი იდგა მაგიდაზე და მითხრა, აი, ამ ყანწით უნდა დაგათროო. 16-ში კი ეგ ამბავი მოხდა, არადა, მასალა უნდა ეყიდა და ხევსურეთში წაეღო სახლის ასაშენებლად. საშინელება მოხდა. არადა, ზურასნაირი ხალხი ბევრი რომ იყოს, საქართველოში შიმშილი არ იქნებოდა.
ძალიან მეცოდება, ცარიელი გულია. ერთხელ რესტორანში იჯდა და მის ახლოს ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი დაჯდა. მენიუ რომ ნახეს, ფასებზე გულები გაუსკდათ და მხოლოდ ყავა შეუკვეთეს. ზურამ ეს შეამჩნია, მივიდა ოფიციანტთან, მოელაპარაკა და ისე გააკეთა, თითქოს აქცია იყო და მაგარი სუფრა გაუშალეს შეყვარებულებს. ფილმებში თუ ხდება მსგავსი რამ, თან თვითონ საერთოდ არ გამოჩენილა.
საოცრად შემწყნარებელია. ამას უმიზეზოდ არ ვამბობ. წლების წინ, ოლიმპიადისთვის რომ ემზადებოდა და დაჭრეს, მიზეზი ზუსტად არ ვიცი, რადგან ზურას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ის ვიცი, რომ ვინც დაჭრა, მერე დაძმაკაცდა იმ ადამიანთან.
ახლა კაცი სიმწრით გათავებულია. აბა, როგორ იქნება, გასვენების დღეს ბორკილებით იღებდა სამძიმარს”, - აცხადებს ზვიადაურის მეგობარი “თბილისელებთან” ინტერვიუში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>