მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი. ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად იმაღლებენ ხმას და ცდილობენ, დაიცვან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ამ თემას აქტიურად აშუქებს მედიაც, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად სწორად გადმოსცემს ამბავს და რა არის მისი სათქმელი. არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის საკითხს ჟურნალისტები სიფრთხილით უნდა მიუდგნენ, რადგან ხშირია, როცა პრევენციის ნაცვლად, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებენ. ამის მაგალითია ერთ-ერთი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული 5 ისტორია, სადაც კაცები ცოლის მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობდნენ:
33 წლის ვალერი ამბობდა, რომ მისი ცოლი ეჭვიანია, გამუდმებით ურეკავს და ცდილობს, გააკონტროლოს. ერთ საღამოს მან ტელეფონიც კი წაართვა და ყველა მიმოწერა წაიკითხა.
40 წლის ალექსანდრე ჰყვებოდა, რომ ცოლი მისით მანიპულირებს. არ აცდის, რომ საყიდლებზე თავად წავიდეს, შემდეგ კი წუწუნებს, რომ მძიმე ჩანთების ტარებით ყველაფერი სტკივა და რომ მისი ქმარი უმაქნისია.
40 წლის ანდრია ამბობდა, რომ მას ცოლმა სცემა მას შემდეგ, რაც ბავშვს ორი წამით თვალი მოაცილა, ბავშვი კი წაიქცა და თავი სკამს ჩამოარტყა. გარდა ამისა, მასზე ცოლი მუდმივად ძალადობს: „მას შეუძლია გაბრაზებულზე ჯავრი ჩემზე იყაროს და მუშტი ჩამარტყას.ცხადია, ეს მტკივნეული არ არის, მაგრამ უსიამოვნოა“.
37 წლის ალექსანდრე განმარტავს, რომ მას ცოლი შინ მეგობრების მოყვანის უფლებას არ აძლევს. „ის იწყებს ხმაურს, სამზარეულოში ჭურჭელს აბრახუნებს და აგრძნობინებს მათ, რომ არ სიამოვნებს სტუმრების მიღება“.
45 წლის სიმონი კი ამბობს, რომ მისი ცოლი საოჯახო საქმეებს უნაკლოდ ასრულებს, თუმცა ქმარს სთხოვს, ნაგავი სახლიდან მან გაიტანოს. სიმონი ცოლს უხსნის, რომ სამსახურის შემდეგ დასვენება სჭირდება, მაგრამ ცოლი ტირილს იწყებს და ამით მანიპულირებს.
ამგვარი მასალების მომზადება და გავრცელება არასწორია. განსაკუთრებით მაშინ, როცა კაცებში დომინირებს აზრი, რომ ცოლისგან შექმნილი ნებისმიერი დისკომფორტი ფსიქოლოგიური ძალადობაა. კაცთა უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობაა იმის მიზეზი, რომ კაცები, ქალებთან შედარებით, უფრო ნაკლებს ცოცხლობენ და უფრო ხშირად იღუპებიან ინსულტითა და გულის შეტევით. ფიზიოლოგიური ძალადობა, ვის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს ის, ცხადია, საზიანოა და დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ამ საკითხით მანიპულირება ფართო აუდიტორიაზე კარგ შედეგს ვერ მოიტანს. საკითხის ამგვარ ჭრილში მოქცევა კი მისი უფრო მნიშვნელოვანი და საგულისხმო ასპექტების გადაფარვას იწვევს.
მკვლევარი ირინა შურგინა განმარტავს, რომ ქალების მიერ ქმრებზე ძალადობის შემთხვევათაგან 93% არის ქალის პასუხი კაცის აგრესიაზე. ქალების 7% კი თავად არის ძალადობის „ინიციატორი“. გარდა ამისა, ქალის მიერ ძალადობის დროს მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს უფრო ნაკლებად აქვს ადგილი, ვიდრე კაცის მიერ ჩადენილი ძალადობის დროს. როგორც მკვლევარი განმარტავს, „ძალადობა“ და „ძალა“ ერთმანეთისგან გამომდინარეობს - ძალადობა იწყება მაშინ, როცა ერთი ადამიანი მეორეს სისუსტეს გრძნობს. კანონი კი ყველასთვის ერთია, არ აქვს მნიშვნელობა, მოძალადის ქრომოსომები XX-ია თუ XY.
ოჯახში ძალადობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი ფენომენია, რომელიც კოლოსალურ ზიანს აყენებს თითოეულ ადამიანს. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კი ხმის ამაღლება და საჯაროდ საუბარია.