"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყოველი უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად" - წერს ლევ ტოლსტოი. თუმცა ყოველთვის არ შეიძლება ამ ფრაზას დავეთანხმოთ. წაიკითხეთ ბერტ და ლინდა პუგაჩების ისტორია და ნახავთ, რომ ყველა ადამიანს თავისი წილი ბედნიერება აქვს. ზოგი მას სიმშვიდესა და კომფორტში ეძებს, ზოგიც - მეორე ნახევარში. არიან ისეთებიც, რომლებიც სიყვარულის გამო ყველაფერზე მიდიან. კაცმა ქალს თვალებში მჟავა შეასხა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ქალისთვის, დალოდებოდა, როდის გამოვიდოდა ციხიდან, რომ დაქორწინებულიყვნენ. ჟურნალისტებმა ამ ამბავს "გიჟური სიყვარული" და "ბრმა სიყვარული" უწოდეს...
ერთ დროს მათი ამბავი სენსაციად იქცა. ბერტ და ლინდა პუგაჩების სახეები ამშვენებდა არა მხოლოდ ყვითელი პრესის გარეკანებს, არამედ ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებს, როგორებიცაა The New York Times, The Guardian და The Independent. თუმცა, ახალდაქორწინებულები მათ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ყურადღებას არ აქცევდნენ და დროს მშვენივრად ატარებდნენ. პრესის ინტერესი არ ქრებოდა. კაცს მატყუარად და დამნაშავედ მოიხსენიებდნენ, რომლის გამოც ქალი ვეღარასდროს იქნებოდა ლამაზი. ბევრი წლის შემდეგ მათი ისტორიის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1956 წელს 21 წლის ლინდა რისი, რომლის სილამაზისაც უამრავ გოგონას შურდა, ადგილობრივ პარკში სეირნობდა. შემოდგომის თბილი დილა იყო. ლინდამ მდიდარი იურისტი გაიცნო, რომელსაც ლურჯი კადილაკი, თვითმფრინავი და საკუთარი კლუბიც კი ჰქონდა. გარდა ამისა, ბერტ პუგაჩი კინორეჟისორი იყო და ლონდონიდან, მორიგი გადაღებიდან ახალი დაბრუნებული ბრძანდებოდა. როგორც მოგვიანებით ლინდამ გაიხსენა, კაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეხვედრაზე დაეთანხმებინა. მეტიც, უთხრა, რომ მისი გადაღება სურდა ფილმში. ბოლოს გოგონამ შეთავაზებაზე უარი ვეღარ თქვა.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ასობით ალისფერი ვარდი, საუკეთესო რესტორნები, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები. ზოგიერთმა პოპულარულმა მომღერალმა სიმღერაც კი მიუძღვნა გოგონას. მათი ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა. მალევე ბერტმა ლინდას ცოლობა სთხოვა და გოგონაც დათანხმდა...
როგორც ხდება ხოლმე, მოსიყვარულე და თბილი შეყვარებული უცებ გადაიქცა ტირან და ეჭვიან საქმროდ. მან გოგონას ინტიმური ურთიერთობა მოსთხოვა, თუმცა ლინდა ქორწილამდე სასტიკი წინააღმდეგი იყო. კაცი ყველა მამაკაცზე ეჭვიანობდა და გამუდმებით ღალატში ადანაშაულებდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ლინდა გინეკოლოგთან წაიყვანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა ქალიშვილი იყო.
ლინდამ წლების მერე თქვა, რომ კაცის ეჭვიანობა მოსწონდა კიდეც, რადგან თვლიდა, რომ ასე სიყვარულს ამჟღავნებდა. თანაც, გოგონასთვის, რომელიც ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში, მამის გარეშე გაიზარდა, მდიდარ პროდიუსერთან ურთიერთობა მომგებიან ბილეთს ჰგავდა. ამიტომაც, არაფრად ჩააგდო "საშიში ნიშნები" და აქტიურად დაიწყო ქორწილისთვის მომზადება.
ერთ მშვენიერ დღეს რისმა სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ პუგაჩს ცოლი და შვილი ჰყავდა. თუმცა კაცი ეფიცებოდა, რომ მხოლოდ ის უყვარდა, ცოლს აუცილებლად გაშორდებოდა და მას მოიყვანდა. მეორე დღეს ბერტი გოგონას ყვავილებით მიადგა სახლში და განუცხადა, რომ მან და მისმა მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანეს საბუთები. თუმცა მეგობრის დახმარებით ლინდამ გაარკვია, რომ კაცი იტყუებოდა და არანაირი საბუთი არსად წაუღიათ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>