ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში დემნა გვასალიასა და კიმ კარდაშიანის Met Gala 2021 წლის ღონისძიებაზე გამოსვლას ეხმაურება და წერს რომ ცნობილი ქართველი დიზაინერის მოდა ზუსტად ასახავს დროსა და განწყობას.
„ამასწინათ ნაცნობი ქირურგი შემხვდა პაციენტთან კონსულტაციაზე. როგორც უცხოს ისე მელაპარაკა. გამიკვირდა, უკვე წლებია ვიცნობ და არც კი წარმიდგენია თავი პაციენტის ამბავი რომ ვკითხე. ხალათზე დატანილი სახელით მიცნო, როგორც კი გარეთა შრე გავიძრე.
ხმაც ვერ ეცნო ორმაგ ნიღაბს მიღმა. ბოლო წელიწად-ნახევარია, დაახლოებით კიმივით გამოვიყურებით ექიმები, ოღონდ თეთრ-ცისფერ-მწვანე სქრაბ-ხალათში.
მიყვარს ეს ბიჭი (დემნა)... მისი მოდა ზუსტად ასახავს დროს, განწყობას... დემნას მოდას მოაქვს ისტორია ბებიებზე, ბაბუებზე, სიღარიბეზე, რაც ყველამ გავიარეთ ბოლო რამდენიმე ათეული წელია. მან მაღალ მოდად აქცია ის რაც ჩვენ ტკივილს გვგვრიდა და სხვებისგან ჩაგვრის ობიექტებს გვხდიდა, სოციალური უთანასწორობის გამო.
დემნას მოდა არის ისტორია ჩვენს ტკივილებზე, განწყობებზე და პრობლემებზე. შავებში გამოწყობილი უსახო კიმი ნამდვილად არის პანდემიური, იზოლაციაში მყოფი, დეპრესიული ადამიანის ამბავი. ეს ნამდვილი ამბები მიყვარს დემნას მოდაში", - წერს ნანა გეგეჭკორი.