ავსტრალიელმა მოდელმა, 29 წლის ბრიჯიტ მალკოლმა, რომელიც ოდესღაც ბევრისთვის საყვარელი ანგელოზი იყო ვიქტორია სეკრეტის ჩვენებებზე, დიდი ხანია, უარი თქვა თეთრეულის ყველაზე პოპულარულ ბრენდთან თანამშრომლობაზე. ამის მიზეზი ის ფსიქიკური თუ ფიზიკური პრობლემები გახდა, რაც მან კომპანიასთან მუშაობის დროს შეიძინა. ბრიჯიტი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე საუბრობს ყველა სირთულეზე, რაც, როგორც აღმოჩნდა, მრავლად ჰქონდა.
ბრიჯიტი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა მოდელის კარიერა დაიწყო. აგენტები მკაცრად აკონტროლებდნენ მის წონას და ზრუნავდნენ, რომ გოგონა რაც შეიძლება გამხდარი ყოფილიყო - ამ გზით მომგებიანი კონტრაქტის მიღების მეტი შანსი იყო. მას არ შეეძლო ჭამა, მანამ, სანამ უკიდურეს ზომამდე არ მივიდოდა, ვარჯიშობდა გამუდმებით, ერთ-ერთმა დამსაქმებელმა კი არალეგალური ნარკოტიკების მიღებაც კი ურჩია, რათა ფორმა მარტივად შეენარჩუნებინა. იმ დროს მოდელი ჯერ 18 წლისაც კი არ იყო.
ბრიჯიტი მუშაობდა ვიქტორია სეკრეტთან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში და ეს დრო მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, დარწმუნებულიყო, რომ ბრენდს არასწორი, არაჯანსაღი მიდგომები ჰქონდა.
”კომპანიაში ყველა ყოველთვის საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო გამხდარი. მოხდა ისე, რომ სამი დღე არ მიჭამია. კიბეზე ასასვლელად დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა“ - იხსენებდა ის.
რასაკვირველია, შიმშილობამ და უზარმაზარმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეასრულა თავისი საქმე - ბრიჯიტი ძალიან გახდა და ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინა თავი. ის მუდმივად იღებდა დამამშვიდებლებს, რადგან ეშინოდა წონის მატებისა და სამსახურის დაკარგვის. ბრიჯიტი გამუდმებით სტრესში იმყოფებოდა.
„ჩემი სხეულისა და ტვინის მუშაობა დაქვეითებული იყო. მე უბრალოდ შინაგანად მკვდარი ვიყავი. მე უნდა გამეღიმა, მაგრამ ჩემი თვალები ვეღარ იღიმოდა - მაშინ ყველაზე უბედური ვიყავი მთელ მსოფლიოში. ხანდახან ვერ ვმოძრაობდი და ერთადერთი, რაც მინდოდა, წოლა იყო. როგორ ვპოულობდი ძალას სამუშაოდ, მე თვითონაც არ ვიცი. არანორმალური კვების გამო თმის ცვენა დამეწყო, განმივითარდა ფსიქიკური აშლილობა, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა, დეპრესია და შფოთვა“ - ამბობს ბრიჯიტი.
ამ პრობლემების გამო მოდელი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და ეს მისი ცხოვრების ცალკე კოშმარად იქცა.
ბრიჯიტის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, იყო ის, რომ საზოგადოების ყურადღებას სამოდელო სფეროში არსებული პრობლემებისკენ მიემართა. ახლა ის ეხმარება დამწყებ მოდელებს კარიერის განვითარებაში და ხშირად საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე. ბრიჯიტი ძალიან ფრთხილად არჩევს ბრენდებს, რომლებთანაც მომავალში უნდა ითანამშრომლოს. ის მცენარეულ დიეტაზეა და ცდილობს, ორგანიზმს მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.