„დავპირდი, რომ მეორე დღეს შვილს ვაჩვენებდი... ეს იყო ურთულესი მომენტი, ბევრი ვიბრძოლეთ, თუმცა კორონავირუსი მოგვერია“ – 23 წლის სტუდენტი, ბაია ბიბიჩაძე რენიმაციულ განყოფილებაში მუშაობის შესახებ - Marao
ბაია ბიბიჩაძის შესახებ პირველად სიციალურ ქსელში ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა გამოაქვეყნა. როგორც ის წერდა, 23 წლის სტუდენტი, ბაია ბიბიჩაძე 3 სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს და კოვიდპაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვის:
„არასოდეს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. სულ უხერხულობს, როცა ვინმე შეაქებს. პასუხი მოკლე აქვს: ,,არაფერი განსაკუთრებული, ჩემი სამსახურია!“ არადა, რასაც აკეთებს - ნებისმიერ სამსახურზე მეტია. თან როცა ეს ,,სამსახური“ თბილისის 3 სხვადასხვა კლინიკაშია, გადაბმული სმენები, კოვიდცენტრები და რეანიმაციული განყოფილება - დღე და ღამე იბრძვის 23 წლის სტუდენტი სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად. კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებს და მაშინაც არასრულფასოვნად... თუ ვინმე ნაცნობ-ახლობელს რაიმე უჭირს, ერთი ზარიც კი საკმარისია ბაიკოსთან და გამოუძინებელი მასთან გარბის...“ - წერდა დეა მამისეიშვილი.
ბაია ბიბიჩაძემ ვრცლად საკუთარი საქმიანობის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა: „24-საათიანი გრაფიკი მაქვს, მაგრამ სამ კლინიკაში ვმუშაობს და არის დღეები, როცა 48 საათი მიწევს გადაბმულად მუშაობა. ყველაზე მძიმე ისაა, რომ პაციენტებმა არ იციან, რა ელით და მათ თვალებში ხედავ ემოციას, რომელიც თან გძაბავს და თან ძალას გაძლევს“ - ამბობს ის.
ბაია ბიბიჩაძემ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების ისტორიებიც გაიხსენა: „გავიგეთ,რომ თერაპიულ განყოფილებაში ერთი გოგო იყო მძიმედ, რეანიმატოლოგები წავიდნენ მისი მდგომარეობის შესაფასებლად და მეც გავყევი, რადგან მაინტერესებდა. შევედი პალატაში და დავინახე ახალგაზრდა, რომელიც ძალიან წუხდა და ადგილს ვერ პოულობდა. ამ დროს, ჩემი ყურადღება ერთმა ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა მიიქცია, პაციენტის ძმა მეგონა, თუმცა დედა-შვილი აღმოჩნდა. დედა 36 წლის, შვილი - 17. დედის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და რეანიმაციაში გადავიყვანეთ. შვილი ძალიან ნერვიულობდა და ვუთხარით, რომ ხშირ კონტაქტზე ვიქნებოდით. ბოლოს რომ შევხედე, თვალცრემლიანი იყო, ისე გამოგვიშვა. ეს გოგო ჩვენთან 10 დღის განმავლობაში იყო, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს იყო ურთულესი მომენტი, იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვიტყვი, რომ მისი სახით მეგობარი შევიძინე. როცა სამსახურში მივდიოდი, უცნაური გრძნობა მქონდა, რადგან დავპირდი, რომ მეორე დღეს შვილს ვაჩვენებდი...“ - იხსენებს ბაია ბიბიჩაძე.