ჟურნალი OK! სოციალური პლატფორმა Feedc-ის იდეის ავტორის, ნიკო კვარაცხელიას 2020 წლის მაისში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის საკუთარ მიზნებსა და პროექტის არსის შესახებ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში.
როგორ დაიბადა Feedc-ის დაარსების იდეა?
როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მინდოდა მარტივად გამეგო, თუ რა ხდებოდა ჩემთვის უცხო გარემოში, თუმცა ამაში სხვა სოციალური ქსელები ვერ დამეხმარა, რადგან იქ დამეგობრებულ ადამიანებს არაფერი ჰქონდათ საერთო იმ ადგილთან, სადაც იმ დროისთვის ვიმყოფებოდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას მათსავე ადგილმდებარეობის მიხედვით მისცემდა.
ვისთვის არის „ფიდსი“? რა არის პლატფორმის ძირითადი განმასხვავებელი თვისება სხვა სოც. ქსელებისგან და რა არის თქვენი მიზანი?
პლატფორმა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს გაიგოს, რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, ქალაქში თუ უბანში, და მიიღოს ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან.
სოციალური დისტანცირების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა დისტანციური სწავლების მეთოდები. ამ მხრივ თქვენ გაქვთ სიახლე − Feedc Edu. იყენებენ თუ არა უკვე სადმე ამ მეთოდს და რა არის მისი უნიკალურობა და უპირატესობა?
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით სკოლებს ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ სასწავლო პროცესი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა დისტანციური სწავლების პლატფორმა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით Feedc Edu ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის.
Feedc Edu-ს შექმნის დროს, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პლატფორმა ყოფილიყო რაც შეიძლება მარტივი და ყველა ტიპის მომხმარებელზე მორგებული.
რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები და ვერ/არ იწყებენ მათ განხორციელებას?
როგორი ამბიციური და რთული იდეაც უნდა იყოს, ყველა პროექტი პატარა ნაბიჯების გადადგმით იწყება, ამიტომ სწორედ ეს არის მთავარი.
გააგრძელეთ კითხვა