ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია საცოლემ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ისინი ქორწილის გადახდას საქართველოში აპირებდნენ, შემდეგ კი ნიკოს კომპანიის, Feedc-ის პოზიციების გასამყარებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდნენ.
„ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით, იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია. ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“ - ამბობს ის "ფორმულას" ჟურნალისტთან საუბრისას.
ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებას ეხმაურება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელსაც ნიკო კვარაცხელიასთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. „მომავლის ადამიანო, მომავალ შეხვედრამდე!“ - წერდა ის. მოგვიანებით კი კომენტარი ნიკოს საცოლეზეც გააკეთა: „ნიკო და მისი საცოლე ერთად სწავლობდნენ ერთი ღირებულებები ქონდათ და ერთად უნდოდათ სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ! ნიკოს ანი. ეს გოგოც დაიმახსოვრეთ ესეც მომავლის გოგოა! თავისი მომავლის ბიჭის მომავლის გამგრძელებელი!“ - დაწერა ნინო ზამბახიძემ.
ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა მისი მეგობარი, გიორგი ჩახნაშვილი, ვისთან შესახვედრადაც მიდიოდა ნიკო მკვლელობის დღეს: „ნიკოს ჰქონდა უფრო მეტი ვიდრე კომპლექსური ცოდნა, მას ჰქონდა უნარი გარდაექმნა ეს სირთულე მარტივად აღსაქმელ იდეად. მე შევხვედრილვარ ბევრ ძალიან ინტელიგენტ ადამიანს, მაგრამ არც ერთი მათგანს არ ჰქონდა იმის უნარი რომ გაეერთიანებინა აღნიშნული სამი თვისება - ის რაც მაძლევს გამბედაობას რომ აღვნიშნო, ნიკოს ნიჭი მახსენებს რიჩარდ ფეინმანს. ჩვენ ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს (ბოდიში COVID-19) და როცა გამოვდიოდით რესტორნიდან, ჯერ კიდევ დამუნჯებული მოსმენილთ, მივხვდი, რომ რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო ამ სამყაროში” - წერს ის.
22 წლის ნიკო კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ნიკო 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>