კომპანია FeedC-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნიკოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მსახიობმა ენდი ძიძავამ კი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გარდაცვლილსა და მის ოჯახზე ისაუბრა.
„ნიკოზე იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, რაც უკვე ითქვა; იმაზე მეტი რა უნდა ვუწოდო, რაც საზოგადოებამ უკვე უწოდა. ის მომავლის ბიჭია. გუშინ აღმოვაჩინე ჩემთვის, რომ ნიკო ცნობილი მეზღაპრის გმირია, კეთილი ჯადოქარია. ჯადოქარია, ვფიქრობ, ნიკო, რომელმაც შეძლო, ყველა მენტალობის ადამიანი ერთ აზრზე დაეყენებინა“ - აღნიშნა მან.
ენდი ძიძავამ ნიკოს დედაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ბედნიერი ქალია: „ნიკოს დედა ბედნიერია, რადგან მას ჰყავს შვილი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება მოახერხა. ნიკო იქნება მარადიული, ნიკო ეტალონი გახდება, ძალიან ბევრს მოუნდება, რომ იყოს ნიკო. ჩემს შვილსაც კი ვერ ვცნობ ეს დღეებია. ვგრძნობ, რომ ჩემს შვილსაც უნდა, რომ ნიკოს მიემსგავსოს. ვიჯექი პანაშვიდებზე და ვუყურებდი ხალხს, რომლებიც გულში იკრავდნენ ნიკოს დედას. მე ვერ შევძელი. ახლა მინდა ვისარგებლო და ვუთხრა მას და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, თბილ, განათლებულ კაცს, ნიკოს მამას, ორივეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ნიკოს დედა და მამა იყავით, რომ ასეთი ნიკო აჩუქეთ საქართველოს, რომ მეც ჩემი წილი ნიკო მყავდა და მაბედნიერებდა და მინდა იცოდეთ, რომ მეც თქვენთან ერთად ვარ უბედური. აქამდე მეგონა, რომ ნიკოს დედა და მამა ცოცხლად მოკვდნენ, მაგრამ ახლა, იცით, რას ვფიქრობ? ვფიქრობ, რომ მკვლელების მშობლები არიან ცოცხლად მკვდრები“ - თქვა ენდი ძიძავამ.