ქალები სულ უფრო იმაღლებენ ხმას იმის შესახებ, რომ ცხოვრებაში გარეგნობა და იდეალური სხეული არ არის მთავარი. მსოფლიოში 147 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ალოპეციით, ბევრ მათგანს კი ყოველდღიურ დაბრკოლებებთან, საზოგადოების არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და სტერეოტიპებთან უწევს გამკლავება. ქვემოთ წაიკითხავთ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო ალოპეციით და იყო ბედნიერი.
ეკატერინე
„13 წლის ვიყავი, როცა თმა სრულად დავკარგე. ეს ის დრო იყო, როცა პირველ სიყვარულზე, გაპრანჭვასა და გართობაზე ვფიქრობდი, მე კი ექვს თვეში სრულად გავმელოტდი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. დავიწყე პარიკების ხმარება, მივატოვე სპორტი, ვცდილობდი, არსად წავსულიყავი და ეს ყველაფერი საიდუმლოდ დამეტოვებინა. ექიმები ვერ იგებდნენ, რამ გამოიწვია თმის ცვენა. მე კი ვაგრძელებდი ექიმებთან სიარულს და იმედი მქონდა, რომ თმა დამიბრუნდებოდა. იმედი მართლაც გამართლდა, ჰორმონების მიღების შემდეგ რამდენიმე ათეული კილოგრამი მოვიმატე, თუმცა თმამ ზრდა დაიწყო და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო. დავდიოდი ლაშქრობებზე, დისკოთეკაზე და არ მეშინოდა, რომ ვინმე უცნაურად შემომხედავდა. თითქოს თავიდან დავიბადე. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰორმონებმა ორგანიზმი დამიზიანა, თირკმელზედა ჯირკვლები განადგურდა. ექიმმა მითხრა, აირჩიე, თმა ან ჯანმრთელობაო. ჰორმონების მიღების შეწყვეტამ კვლავ თმის ცვენა გამოიწვია. მე თავშლის ხმარება დავიწყე.
ვეგუებოდი, რომ ასე ცხოვრება მომიწევდა და ნელ-ნელა ვსწავლობდი, როგორ უნდა მეტარებინა თავშალი სწორად. გავიცანი სხვა ქალები, რომლებიც ალოპეციით ცხოვრობდნენ; ვნახე, როგორ თამამად დადიოდნენ ისინი ქუჩაში; შევამჩნიე, რა ლამაზები არიან თუნდაც უთმოდ... მაშინ გავიაზრე, რომ მეც სრულფასოვანი პიროვნება ვარ. გავხდი უფრო თავდაჯერებული და დავდიოდი ყველგან, სადაც მომესურვებოდა. მონაწილეობას ვიღებდი გადაღებებში და ვგრძნობდი, რომ სულაც არ ვიყავი განსხვავებული.
ამ დროს ჩემი მომავალი ქმარი, ანდრეი გავიცანი. მას მოვეწონე და პირველი ნაბიჯიც გადმოდგა ჩემკენ. ეს ურთიერთობა 2019 წელს ქორწილით დასრულდა. მე პატარძლის ამპლუაში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ პირველი შვილი ანნა შეგვეძინა.
რა თქმა უნდა, ქუჩაში მესმის, როგორ გადაუჩურჩულებენ ხოლმე ჩემი დანახვისას ერთმანეთს რაღაცას, გაოცებულ მზერებსაც ვამჩნევ, მაგრამ მთავარია, რომ თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ.“
მარინა
„თმის ცვენა ათი წლის ასაკში დამეწყო. მას შემდეგ პარიკის ქვეშ ვიმალებოდი, გარეთ იშვიათად გავდიოდი და ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. ერთხელაც, 39 წლის ასაკში, გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ქალაქგარეთ წავედი იმ პირობით, რომ უკან პარიკის გარეშე დავბრუნდებოდი.
ჩემი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქმარს გავშორდი. დაქორწინებული 19 წლის მანძილზე ვიყავი. ეს ძალიან რთული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, ქმარმა ისიც კი მითხრა, მელოტი თავით ვის სჭირდებიო... ამან სტიმული მომცა, რომ მებრძოლა და ცხოვრება გამეგრძელებინა. სოციალურ ქსელში ალოპეციის ჯგუფი ვიპოვე და აღმოვაჩინე ძალიან ლამაზი, ლაღი და ბედნიერი გოგონები. მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ამას. ისინი დამეხმარნენ, მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მართალია, კომპლექსების ერთ დღეში მოხსნა ვერ შევძელი, თუმცა ნელ-ნელა ვცდილობდი, მეც ვყოფილიყავი თავისუფალი. პარიკის გარეშე დავიწყე სიარული ხალხმრავალ ადგილებში, ქუჩაში, სავაჭრო ცენტრში... თანდათან პარიკი სულ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და უკვე სამი წელია, რაც საერთოდ არ მკეთებია.
ახლა ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულია. მაქვს ჩემი პროფესია, მყავს უამრავი მეგობარი, ვმოგზაურობ და ცოტა ხნის წინ საყვარელ მამაკაცზეც ვიქორწინე. მე თავს ბედნიერად ვგრძნობ.“
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>