ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე. წყვილს უკვე ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავს.
დაოჯახების შემდე ნანუკა გულუამ სიყვარულის ისტორია საჯაროდაც მოჰყვა:
„ბედისწერა რომ მართლა არსებობს, ეგ შემთხვევაა ჩვენი გაცნობა. ვესაუბრებოდი ჩემს მეგობარს, რომლისთვისაც ჩემი მეუღლე არის უბრალო ნაცნობი. ვიდეოთვალით ვესაუბრებოდი ჩემს მეგობარს და უცებ მითხრა, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი უნდა გაგაცნოო. დაურეკა მასაც და უთხრა, დოჩი უნდა გაგაცნოო. მას უთქვამს, მაგ გოგოს გაძლება ერთი წამითაც შეუძლებელია და არ მინდაო. მაინც ჩაგვრთო ონლაინ და რომ დავინახე, ძალიან მივამსგავსე ჩემს თავს ენერგეტიკით, ღიმილით, პოზიტივით. ჩემს ადამიანად ჩავთვალე. პირველი ჩართვიდან რვა თვეში ისე გავთხოვდი, რომ არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც ცოლობა უთხოვია. რაღაც იუმორში მოხდა ეს ყველაფერი“ - გაიხსენა ნანუკა გულუამ.
„როცა მქონდა კოვიდი, ის მოვიდა ჩემ მოსავლელად, მოსანახულებლად და გასართობად. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ეს... გათხოვებამდე ბოლო რამდენიმე დღე ორივე ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეგობრობა და რაღაც უფრო დიდში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ არა ასე მალე. ერთხელ მთხოვა, ჩემს მეგობრებთან წავიდეთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ როცა მე მივედი, უკვე გვიანი იყო და თავის ბიძასთან წამიყვანა. ბიძამისმა გაიყვანა აივანზე და ჰკითხა, გიყვარსო? როგორც ჩანს, დადებითი პასუხი მიიღო და როცა ოთახში შემოვიდნენ, უკვე როგორც ცოლ-ქმარი, ისე დაგვლოცა. ვინერვიულე, როგორც 16 წლის ბავშვი ინერვიულებდა, გაეყინებოდა ხელები, ყველაფერი დამემართა. მე რომ იმ დროს წავსულიყავი, მას ვეღარასდროს ვნახავდი და ეს იყო გაუსაძლისი ფიქრი. ეს იყო გადამწყვეტი. ამ გადმოსახედიდან, კახა ჩემთვის ყველაზე განსხვავებული სიყვარულია, ყველაზე ძლიერი გრძნობაა, სხვა სიძლიერის სიყვარულია, რომელსაც ძალიან დიდი ბედნიერების შეგრძნება მოაქვს. მგონია, რომ ამ ადამიანის იმედი სულ შემიძლია, მქონდეს“ - ამბობს მსახიობი.
ნანუკა გულუამ მამაზეც ისაუბრა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, მისი ქმარი ძალიან ჰგავს. „მძიმე სენს ებრძოდა მამა. დიაგნოზის გაგებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა და ამ ერთი წლის განმავლობაში მე ზუსტად სამჯერ გარდავიცვალე: ერთხელ, როცა დიაგნოზი გავიგე; მეორედ, როცა გვეგონა, რომ გამოჯანმრთელდა და მეტასტაზები წავიდა და მესამედ, როცა მართლა გაჩერდა მისი გული. მართლა ვიგრძენი გარდაცვალება, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა, უმომავლობის შეგრძნება, ძალიან რომ გეცოდება ისიც და საკუთარი თავიც და რომ არ იცი, როგორ უნდა იცხოვრო მის გარეშე. მე მყავდა ყველაზე კარგი მამა ამ სამყაროში, მაგრამ არც ერთი მოგონება არ მაქვს, რადგან როცა ვიწყებ მის გახსენებას, მხოლოდ ის ბოლო დღეები მახსენდება“ - თქვა ნანუკა გულუამ.