მუსიკოს რობინ ტიკს სიმღერამ Blurred Lines განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა, კლიპში სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკიც მონაწილეობს. როგორც აღმოჩნდა, ეს მოდელისთვის არც ისე სასიამოვნო გამოცდილება იყო, რადგან წიგნში „ჩემი სხეული“, რომელიც მომავალ თვეში გამოვა, 30 წლის რატაკოვსკი წერს, რომ რობინი კლიპის გადაღებისას მის შიშველ სხეულზე შეხებას ცდილობდა: „მოულოდნელად, არსაიდან, ვიგრძენი, რომ უცხო ადამიანის ხელები შემეხო. ინსტინქტურად გავიწიე და როცა უკან გავიხედე, რობინი დავინახე“ - ამბობს ის.
ემილი რატაკოვსკი ერთ-ერთია იმ სამ მოდელთაგან, რომლებიც ტიკის ვიდეოკლიპში შიშვლები გამოჩნდნენ. როგორც ემილი განმარტავს, გადაღების პროცესი მისთვის თავიდან საინტერესო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რობინისგან უცნაური ქმედებები შენიშნა, მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი ქცევა არ იყო. ერთხელ რობინის პირისპირ ყოფნის დროს რეჟისორმა დაიან მარტელმა მოდელს დახმარებაც კი შესთავაზა, რათა ოთახიდან გასულიყო: „მახსოვს ის მომენტი, როცა რობინმა ემილის შიშველი მკერდი საკუთარ ხელებში მოაქცია. რობინი ემილის უკან იდგა, როგორც კი დავინახე, ყვირილი დავიწყე. გადაღებები მაშინვე დასრულდა“ - იხსენებს დაიან მარტელი.