სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ, რომ პოპულარული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე არაბ მილიონერზე იყო შეყვარებული. როგორც თავად ნუცა განმარტავს, ეს ჭორი იმიტომ გაჩნდა, რომ ის დიდ დროს ატარებს დუბაიში, თუმცა იქ მხოლოდ საქმიანი ვიზიტით, კონცერტებზე მიდის ხოლმე. ასე რომ, ნუცამ გავრცელებული ინფორმაცია ია ფარულავას გადაცემაში უარყო, თუმცა წინა ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა:
„ორჯერ ვიყავი ცხოვრებაში შეყვარებული და ძალიან კარგად მახსენდება ეს ყველაფერი. ზოგი გოგო რომ გულნატკენი რჩება, ასე არ ყოფილა, რადგან ყოველთვის მე ვარ ის, ვინც ურთიერთობას წყვეტს. ჩემს ნიჭს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ასე ვფიქრობ, ვიდრე ურთიერთობას. ამას სულ მოასწრებს გოგო, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, რომ გათხოვდე და შვილი გააჩინო. ბოლო სამწლიანი ურთიერთობაც მე დავასრულე, ისეთი შეყვარებული ვიყავი, რომ „ინსტაგრამზე“ ფოტოებიც დავდე. დაშორების შემდეგ რამდენიმე დღე განვიცადე, მაგრამ მერე ყველაფერი გადის“ - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ნუცა ბუზალაძემ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და სხვადასხვა კონკურსი გაიხსენა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული „იურმალა“ აღმოჩნდა, სადაც სოსო პავლიაშვილისა და „დუეტი ჯორჯიას“ შემდეგ მესამე გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, მას არაერთი სირთულე შეხვდა, სთხოვდნენ სიმღერის შეცვლას, დაუწუნეს მანერები, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. „პრიზად მივიღე 50 ათასი ევრო და ბრილიანტის სამაჯური. მაშინ 17 წლის ვიყავი“ - იხსენებს ნუცა.