5 ოქტომბერს ეთერში გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ გავიდა, რომლის სტუმარიც მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო. ნატამ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მასსა და შორენა ბეგაშვილს შორის წარმოქმნილმა კონფლიქტმა მიიქცია.
წამყვანის კითხვას, ბაძავს თუ არა შორენა ბეგაშვილი მას, ნატა გულიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ: „მე და შორენა დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით მეზობლები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამ პერიოდში იყო პირველი რეალითი-შოუ „ამტანი“, რომელშიც ვმონაწილეობდი და უამრავი მაყურებელი გვყავდა. 16 წელი გავიდა და დღემდე მეუბნებიან, ნატა „ამტანში“ გგულშემატკივრობდით, ძალიან გვიყვარხარ და შენი ავტოგრაფი გვინდაო. შორენამ კი თქვა თავის გადაცემაში, რომ ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. „ამტანი“ იყო 2005 წელს, შორენა კი პოპულარული გახდა „ფლეიბოით“, რომელიც იყო 2008 წელს. მე უფრო პირველი ვიყავი ცნობადი და პოპულარული” - ამბობს ნატა გულიაშვილი.
ნატა გულიაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა: „როდემდე ვითმინო?“ - დაწერა მან ნატა გულიაშვილის ფოტოზე, რომელიც „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა შორენას შვილმა ევა ბარბაქაძემაც, რომელმაც ნატა გულიაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის გმირს უარყოფით კონტექსტში შეადარა: „სანამ კიდევ ვინმე მომწერს, თუ როგორ დავცინი ადამიანს და როგორი ბოროტი ვარ, ძალიან გთხოვთ, ჩემ ადგილას დადექით და გაიგეთ, რომ დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ. იმ ადამიანს იმდენი ცუდი რამ აქვს უკვე ნათქვამი, რომ კიდევ ძალიან კეთილი ვარ მხოლოდ ამას რომ ვდებ ხუმრობით და სხვას არაფერს ვაკეთებ“ - წერს ევა ბარბაქაძე.