8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის იყო 81 წლის ქალი, რომლის დისშვილიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას გაიხსენა, კორპუსი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა: „ამ საშინელი ტრაგედიის გამო გარდამეცვალა დეიდა, დედასავით მყავდა... გადამარჩინა დეიდამ, 10 წუთით ადრე მეუბნებოდა - წადი, წადიო. არც ვაპირებდი ჯერ წასვლას, ძალით გამომაგდო. ეზოდან რომ გავედი, გავიგონე საშინელი ხმა, არანორმალური რაღაც იყო. შემოვბრუნდი და ვნახე ეს ენით უთქმელი საშინელება“ - იხსენებს ის.