როგორც ცნობილია, 2020 წელს 34 წლის ცირა ალიხანაშვილი ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა. მაშინ ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„თხოვნით მოგმართავთ, რომ გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. დადგა ის დრო, როცა ჩემი შვილები მთხოვენ, რომ საკუთარი დედა საქართველოში ჰყავდეთ. მე ამის მოთმენა არ შემიძლია, ადამიანი ვარ“ - ამბობს ის.
ვიდეოს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის მიხედვით, ცხედრის გადმოსვენება მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი: „ესპანეთის რეგულაციების მიხედვით, COVID19-ით გარდაცვლილის გადმოსვენება შესაძლებელია გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის მარტის ბოლოს”.