თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან ლაშა შევარდნაძეზე იქორწინა და ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა და მისი მეორე რჩეული ბიზნესმენი სანდრო შელიაა. წყვილს ბედნიერი ოჯახი აქვს და ამის პარალელურად, ახერხებს, წარმატებული კარიერაც აიწყოს.
თათია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საავტორო გადაცემის, „სთორის“ წამყვანია. ბოლო ეპიზოდში მისი სტუმრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს მშობლები იყვნენ. მათთან საუბრისას საკუთარი პოზიცია წამყვანმაც ღიად დააფიქსირა, რასაც სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა და თათიას განმარტების გაკეთებაც მოუწია:
„ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი. ამის მიუხედავად, მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში. მგონი 3 წლიან არქივს რომ გადახედოთ, ვერ იპოვით ვერცერთ სტუმარს რომელშიც ნათელი სხივი არ მიძებნია და ეს სხივი თქვენამდე არ მომიტანია. სწორედ ამიტომ მოგწონდათ და მოგწონთ ეს აგრესიისგან დაცლილი გადაცემა” - წერდა თათია.
ამჯერად ის კითხვებს პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით „ინსტაგრამაზე“ იღებს: „მარტივი არ არის, გქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ზედაპირულად უყურებენ. ყველას, რა თქმა უნდა, არ ეხება“ - წერს ის. თათიამ კიდევ ერთ კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ: „მანამ, სანამ „ჩაიდენდა“, სხვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოხდა ქვეყნისთვის, რის დავიწყებასაც ასე ცდილობს საზოგადოების ნაწილი. ადვილად დასავიწყებელი რომ იყოს, ამდენი წელი ვერ იარსებებდა, ფაქტია“ - აღნიშნა თათია შარანგიამ.