საქართველო ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა.
ევროკომისიამ ქართული კოვიდპასპორტების აღიარების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ დოკუმენტი "სინოვაკით“, "სინოფარმით“, "ასტრაზენეკათი“ ან "ფაიზერით“ სრულად აცრილ პირებზე ვრცელდება.
გთავაზობთ პასუხებს კოვიდპასპორტთან დაკავშირებით არსებულ აქტუალურ კითხვებზე:
რა არის კოვიდპასპორტი?
კოვიდპასპორტი არის წიგნაკი, სადაც აღწერილია ინფორმაცია COVID-19-ით მოქალაქის დაავადების, გაკეთებული PCR ტესტებისა და მოქალაქის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ.
სად შემიძლია ავიღო კოვიდპასპორტი?
კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სერვისცენტრებში. კოვიდპასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე.
დამჭირდება კოვიდპასპორტი მოგზაურობის დროს?
მოგზაურობის მსურველებმა კოვიდპასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს geoconsul.gov.ge
ერთი აცრის შემთხვევაში მივიღებ პასპორტს?
საქართველოში ადმინისტრირებული ვაქცინები არის ორდოზიანი. აქედან გამომდინარე, ერთი დოზის შემდეგ მიღებული კოვიდპასპორტი არ იქნება სრულყოფილი და არ იქნება ვალიდური მოგზაურობის დროს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ არ მომცეს აცრის ბარათი. სად შემიძლია ავიღო აცრის ბარათი QR კოდით?
თუკი აცრის ბარათი ვერ აიღეთ ან დაკარგეთ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბოლო აცრა ჩაიტარეთ. ვაქცინაციის QR კოდის მოძიება ასევე შეგიძლიათ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge
თუკი ერთი აცრა გაიკეთეთ საზღვარგარეთ და მეორე საქართველოში, ამ შემთხვევაში?
აცრის ბარათი შეგიძლიათ აიღოთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბოლოს აიცერით. კოვიდპასპორტის აღებას კი შეძლებთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
დასჭირდება თუ არა კარანტინის გავლა პასპორტის მქონე პირს უცხოეთში მოგზაურობის შემთხვევაში?
აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ყველა კოვიდპასპორტიანის მოგზაურობა კარატინის გარეშე უზრუნველყონ.
ვის შეუძლია აიღოს კოვიდპასპორტი?
კოვიდპასპორტის აღება შეუძლიათ არა მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს, არამედ რეზიდენტ პირებსაც, რომლებიც ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ კოვიდპასპორტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდანაც.
წყარო