"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 34 წლის ნატალია ჩიტიაშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი
"23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი – მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და იქიდან მოყოლებული, შვილს მარტო ვზრდი. მალევე ვიშოვე ჩემი პირველი სამსახური, უნივერსიტეტში, დიპლომატიის ისტორიის და შემდგომ, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ჩემი დეპარტამენტი გაუქმდა, წამოსვლა მომიწია და 2016 წელს, გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო.
ჩემს მეგობარს ტანსაცმლის ბრენდი აქვს და მითხრა, მოდი, საბეჭდი აპარატი ვიყიდოთ, პირველ ეტაპზე მე შეგიკვეთავ და მერე სხვა კომპანიებისგანაც აიღებ შეკვეთებსო, თავისი ოფისიც დამითმო, ეს იყო ძალიან კეთილი ჟესტი მისი მხრიდან. ერთი პატარა საბეჭდი აპარატიდან დავიწყე და იმდენი შევძელი, რომ ამჟამად, საკუთარი სამკერვალო საწარმო მაქვს ყველა ტიპის მომსახურებით, რომელსაც სრულყოფილი შეკვეთების აღება შეუძლია. საწარმოში შვიდი ქალია დასაქმებული და სრულ განაკვეთზე მუშაობენ. როგორც თითქმის ყველა სხვა კომპანიაზე, პანდემიამ ჩვენზეც იქონია გავლენა - რაღაც პერიოდი საერთოდ გაჩერებაც მოგვიწია, რაც დიდი ზარალი იყო, მაგრამ აგვისტოს თვიდან ისევ შევძელით სრულყოფილად ამუშავება. ჩვენს დამკვეთებს ეტყობათ, რომ ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ შეკვეთებს თამამად, თუმცა, რაღაცნაირად, ნელ-ნელა ისევ დგებიან ფეხზე.
პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე – თებერვალში, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო, მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად მაინც ძალიან რთული გადასატანი იყო. თებერვალშივე, მეგობართან, ირინკა კურტანიძესთან ერთად თურქეთში წავედი, სადაც ოპერაცია გავიკეთე.
როცა ეს დიაგნოზი გავიგე, პირველი ემოცია, რაც მქონდა, მკერდის დაკარგვის შიში იყო, რაც, ალბათ, ყველა ქალს აქვს, ვისაც ეს გამოუვლია. თურქეთში არაჩვეულებრივმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ, თვალი გავახილე თუ არა, მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინია, შენი მკერდი ადგილზეაო. ასეთი ემპათიური ექიმი არასდროს მინახავს. თავიდან, როცა დიაგნოზი დამისვა და კვლევაზე გამიშვა, თავში მეტასტაზები გამოვრიცხოთო, დერეფანში ვიჯექი და უკვე მკერდზე ვეღარც ვფიქრობდი, იმდენად ცუდად გავხდი. ამ კაცმა ჩემი მეგობარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდა და სულ ბოდიშს ვუხდიდი, ამ ყველაფრის გავლა რომ მოუწია ჩემ გამო, გაიყვანა და უთხრა, ეს ძალიან რთული პერიოდია, მარტო ხართ აქ და იცოდე, რომ ახლა მე ვარ შენი ოჯახიო. მარტო ჩემთვის კი არა, ჩემ გვერდით მყოფისთვისაც რომ ემოციური იყო, ეს იცოდა და მასზეც იზრუნა. ეს მერე მომიყვა ირინკამ და ვიტირე.
მარტში ისევ წავედი თურქეთში, უკვე ქიმიოთერაპიის დასაწყებად. ამჯერადაც მეგობართან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად. პანდემიის გამო უკვე საავადმყოფოები იკეტებოდა და კოვიდ-ცენტრები ეწყობოდა, ისეთი მდგომარეობა იყო, კლინიკაში საკუთარ პაციენტებს ვეღარ იღებდნენ ქიმიოთერაპიისთვის. ერთი კვირა სასტუმროს ნომერში ვიყავით გამოკეტილი, უიშვიათესი გამონაკლისი დაუშვეს - დისტანციურად დამინიშნეს ქიმიოთერაპიის სქემა და მომცეს რეცეპტი. წამლები იქვე ვიყიდე და რომ ჩამოვედი, პირადი ნივთების ჩემოდნის გარდა, ერთი დამატებითი ჩემოდანი პრეპარატებით მქონდა სავსე. ისე მოხდა, რომ თბილისიდან ბოლო ფრენით წავედი თურქეთში და იქიდანაც ბოლო ფრენით ჩამოვედი.
განაგრძეთ კითხვა